ლარის გამყარებამ საწვავის გაიაფება გამოიწვია

ლარის გამყარებამ საწვავის გაიაფება გამოიწვია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში რიგი კომპანიების მიერ სხვადასხვა ტიპის საწვავზე კვლავ გაგრძელდა ფასების შემცირება, რაც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის  გამყარებასთან დოლართან მიმართებაში.

“ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ გაზრდილია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt’s-ის მიხედვით. (კერძოდ, ბოლო 1 თვის განმავლობაში ბენზინის საერთაშორისო ფასი გაზრდილია საშუალოდ 119 დოლარით/ტონაზე, ხოლო 10PPM დიზელის ფასი – საშუალოდ 66 დოლარით/ტონაზე),”, – განმარტავენ ასოციაციაში.

შედარებისათვის, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,3966 ერთეულს, ხოლო დღეისათვის –  2,2953 ერთეულს.

დღეისათვის  ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალოფასი შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი – 1,65-1,80 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი -1,55-1,69 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი – 1,35-1,55 ლარი; დიზელი ლ-62 -1,32-1,45 ლარი; ევრო დიზელი – 1,35-1,65 ლარი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი იზრდება. დღეისათვის,  ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) – Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 41,47დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა –  41,62  დოლარი/ბარელზე.

“ნავთობის ფასის მომავალი ტენდენცია მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული 17 აპრილს ყატარში დაგეგმილ ოპეკის შეხვედრაზე, სადაც განხილულ იქნება ნავთობის მოპოვების „გაყინვის“ საკითხი,“ – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply