ნენსკრა ჰესის პროექტის საჯარო განხილვა მესტიის რაიონში

ნენსკრა ჰესის პროექტის საჯარო განხილვა მესტიის რაიონში

ნენსკრა ჰესის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე 1-2 ივნისს მესტიის რაიონის, სოფლებში ნაკრასა და ჭუბერში, ასევე რაიონის ცენტრ მესტიაში გარემოს დაცვითი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით საჯარო განხილვები გაიმართა.

მესტიის რაიონში გამართულ განხილვებში, საპარტნიორო ფონდთან ერთად მონაწილეობდნენ ჰესის სამშენებლო პროექტის ავტორი ადგილობრივი და უცხოური საინჟინრო კომპანიები, მათ შორის STUKY, პროექტში ფონდის კონსულტანტი IFC და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია SLR, რომელიც ქართულ საკონსულტაციო კომპანია „გამასთან“ ერთად გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე მუშაობს.

წარმოდგენილი შენიშვნები შესაბამისი განხილვის შემდეგ გათვალისწინებული იქნება საბოლოო პროექტში. გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე საერთაშორისო კონსულტანტებს მკაცრი მოთხოვნები აქვთ პროექტის მიმართ, ხოლო საპარტნიორო ფონდი აპირებს ყველა ის საერთაშორისო პირობა შეასრულოს, რაც სავალდებულოა ჰიდროსადგურის ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებისთვის.

პროექტის ინვესტორია სამხრეთ კორეული კომპანია K Water, რომელიც საპარტნიორო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).

280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი სვანეთში მდ. ნენსკრაზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. მშენებლობის ჯამური ღირებულება 590 აშშ. მლნ. დოლარია. პროექტი 2021 წელს დასრულდება. თუმცა ივარაუდება, რომ სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.

Leave a Reply