ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე სპეციალური უწყება იმუშავებს

ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე სპეციალური უწყება იმუშავებს

ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების მიზნით პრემიერმინისტრი სპეციალურ უწყებას გამოყოფს. ამ საკითხებზე უწყებათაშორის კოორდინაციას განახორციელებს პრემიერის ადმინისტრაციაში არსებული მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტი, რომელსაც სახელი გადაერქმევა და დაერქმევა სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტი.

პრემიერმინისტრის განცხადებით, ეს დეპარტამენტი მოახდენს უწყებათაშორის კოორდინაციას ისეთი სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროგრამები, ანაკლიის პორტის განვითარება, სამთო კურორტების მიმართულებით კოხტა-მიტარბის პროექტის განვითარება, ასევე გუდაურის სტრატეგიული განვითარება.

„ჩვენ ხშირად გვაქვს ისეთი საკითხები გადასაჭრელი, რომელიც უწყებათაშორისი ხასიათის არის, მაგალითად ქონების მართვის კუთხით, მიწის გამოსყიდვის საკითხი, გარემოს დაცვის კუთხით პროცესების მაქსიმალურად ხელშეწყობა, ეს არის იუსტიციის სამინისტროს კუთხით რეესტრის საკითხები და სხვადასხვა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების კოორდინირება, იმისთვის, რომ პროცესები მაქსიმალურად დაჩქარდეს. რომ პროექტებში ჩართულ სახელმწიფო და კერძო უწყებებს შეეწყოს ხელი, რომ დაჩქარდეს პროცესები. დღეს ვამუშავებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად სტრატეგიის ცვლილებას ამ კუთხით. ამ სტრატეგიის ცვლილების განუყოფელი ნაწილია ადმინისტრირების კუთხით პროექტების დაჩქარება და სწორედ ეს დეპარტამენტი, რომელიც თვისობრივად ახალი გარდაიქმნება, ხელს შეუწყობს ამ კუთხით უწყებათაშორის კოორდინირებას“,- განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply