"ბოლო 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 30 სოფლის ელექტროფიკაცია განხორციელდა"

“ბოლო 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 30 სოფლის ელექტროფიკაცია განხორციელდა”

უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი, დავით შარიქაძე საუბრობს.

შარიქაძის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით 30 სოფლის ელექტროფიკაცია განხორციელდა.

“დაახლოებით 30 სოფლის ელექტროფიკაცია სახელმწიფომ თავისი ბიუჯეტიდან შეძლო და ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა. რამდენიმე სოფლის ელექტროფიცირება „USAID“ პროექტითაც განხორციელდა. იმერეთში, სოფელ შროშაში არის ადგილი, რომელსაც ექსეულიძეების უბანი ჰქვია და რომელსაც შუქი არ მიეწოდებოდა, იქაურ მოსახლეობას ელექტროენერგია უკვე მიეწოდება. სოფელ ქსოვრისში ელექტროქსელი გაძარცვული იყო, ამიტომ იქაც არ ჰქონდათ შუქი და ორიოდე წლის წინ აღვადგინეთ. ასევე აღუდგა ელექტრომომარაგება სოფელ ჩხიკვთაში მცხოვრებ ოჯახებს, სადაც „ენერგო-პრომ“ აღადგინა ქსელი.

ელექტრომომარაგება აღდგა გორის რაიონის სოფელ გაგლუანთუბანშიც. ასევე განათდა ორი სოფელი – გოსტიბე და ჩხავერი, სადაც ელექტროქსელი გაძარცვული იყო. თუმცა, ყველა პროექტი წარმატებით არ დასრულებულა: მაგალითად, სოფელ ბავარში, რომელიც რაჭა-ლეჩხუმს ეკუთვნის, გვქონდა ტენდერში გამარჯვებული პროექტი, მშენებლობაც დაიწყეს, მაგრამ კონტრაქტორმა ვალდებულებები ვერ შეასრულა და ხელშეკრულება გავუწყვიტეთ.

ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ახალი ხელშეკრულების გაფორმებისთვის ვემზადებით, რომ წელს ზაფხულში დავამთავროთ სამშენებლო სამუშაოები. გურიაში, ნატანებთან ახლომდებარე მოლიანის დასახლებაშიც აღვადგინეთ ელექტროქსელი, იქ დაახლოებით 30 კომლი ცხოვრობს. ახლა ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული 5 სოფელი გვაქვს გეგმაში”,-განაცხადა შარიქაძემ.

მისი თქმით, ასევე არის სოფლები, სადაც ელექტროფიკაცია ძალიან ძვირი ჯდება და ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებული არ არის, ამიტომაც ასეთ სოფლებში გამოსავალი მზის პანელების დამონტაჟებაა.

“არსებობს სოფლები, რომელთა ელექტროფიკაცია ძალიან ძვირი ჯდება და ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებული არ არის, რადგან ძალზე წამგებიანია სახელმწიფოსთვის. ეს ისეთი სოფლებია, სადაც რამდენიმე კომლი ცხოვრობს, ამიტომ, უკეთესია იქ მზის ფოტოელემენტები ანუ პანელები დაამონტაჟონ, რომელიც ძალიან ძვირი არ ღირს, სწორედ ეს გზა შევთავაზეთ იმერეთის, ქართლისა და სხვა რეგიონების მუნიციპალიტეტებს.

ჩვენ ტექნიკური თვალსაზრისით ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ეს გეგმა განხორციელდეს. მაგალითად: ხარაგაულში არის ულამაზესი დასახლება სახვლარი, სადაც სულ ოთხი ოჯახი ცხოვრობს, იქ მზის ელემენტის გამოყენება ყველაზე გონივრული გამოსავალია. მსგავსი მაგალითების დასახელება კიდევ შეიძლება”, – განმარტა ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსმა.

წყარო: BPN.GE

Leave a Reply