ხუდონჰესის ბედი გაურკვეველია. ენერგეტიკის მინისტრი პროექტს კვლავ უმნიშვნელოვანესს და ქვეყნისთვის სტარატეგიულს უწოდებს, თუმცა მისი დაწყების ვადას ვერ აკონკრეტებს. შემაფერხებლად პროექტის მოწინააღმდეგეები სახელდებიან.
მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ყველა ენერგეტიკული პროექტი კვლევების და საჯარო განხილვების ფორმატით ხორციელდება და თუ ხარვეზები არსებობს მათი გამოსწორება ხდებს.
„როდესაც მიმდინარეობდა ენგურჰესის მშენებლობა, დარწმუნებული ვარ მაშინაც იყვნენ გარკვეული ჯგუფები, ვინ ეწინააღმდეგებოდა ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას, მაგრამ დღეს ყველანი ვამაყობთ ისეთი პროექტით, როგორიც არის ენგურჰესი“, – აღნიშნა კალაძემ.
ჰესის ინვესტორი კი პროცესის დაჩქარების აუცილებლობაზე მიუთითებს.
ხუდონჰესის ინვესტორი კომპანიის “ტრანსელექტრიკას” ტექნიკური დირექტორი GBC-სთან აცხადებს, რომ შეჩერებული პროცესის მიუხედავად, გარკვეული სამუშაოები მაინც ხორციელდება, მიმდინარეობს ინდივიდუალური შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთანაც.
„წელს ყველანი მომსწრენი გავხდით, რომ მცირე წყლის გამო, ენგურჰესი ზამთრის პერიოდში, თითქმის გამოეთიშა საქართველოს ენერგომომარაგებას და დამატებითი ელექტროენერგიის იმპორტი გახდა საჭირო. ამგვარი პრობლემების მოგვარება კი, მხოლოდ ხუდონჰესს შეუძლია“, – აცხადებს მირცხულავა და მიიჩნევს, რომ პროცესი უდაოდ დასაჩქარებელია.
„ხუდონჰესის” პროექტის მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 702 მეგავატია. მისი მშენებელობისთვის 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯება.
წყარო: GBC