საფრთხის შემცველია ელექტროენერგიის დეფიციტი, რომელიც ყოველწლიურად ღრმავდება, განსაკუთრებით ზამთრის და შემოდგომის პერიოდებში – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
მისი თქმით, დაშვებულია, რომ მომდევნო წლებში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 5%-ით გაიზრდება და ამ გათვლით, შარშანდელი 800 მილიონიდან დეფიციტის მოცულობა, 2030 წლისთვის, 14 მლრდ კვტ.სთ მიაღწვს, რისთვისაც აუცილებელია ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა, რომ საქართველომ მოიპოვოს ენერგოდამოუკიდებლობა და არ იყოს დამოკიდებული რომელიმე მეზობლის კეთილგანწყობაზე.
„ქვეყანა, რომელსაც 14 მილიარდიანი დეფიციტი გააჩნია განწირულია უპერსპექტივობისთვის, არც ერთი სერიოზული ინვესტორი არ შემოვა ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა ელოშვილმა.
მინისტრის მოადგილემ კანონმდებლებს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მან აღნიშნა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში სექტორში 540 მილიონი ჩაიდო და 420 მგვტ. სიმძლავრე შეემატა ქვეყანას. მისი თქმით 850 მილიონი ჩაიდება ქსელის 10 წლიან პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
დასრულდა 15 ჰესის და 1 თბოსადგურის მშენებლობა;
მიმდინარეობს 121 პროექტი;
20 ელექტროსადგურის მშენებლობა – 2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციით;
2016 წელს დაგეგმილია 12 ჰესის მშენებლობის დაწყება – 1,8 მილიარდის ინვესტიციით;
ასევე გარდაბანში ახალი თბოსადგურის აშენება, რისთვისაც დაფინანსების მოძიება უკვე მიმდინარეობს. პროექტს მთავრობა განახორციელებს, რადგანაც ქვეყანას სჭირდება საბაზისო ელექტროენერგია. ელოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ინვესტორების სია მრავალფეროვანია და საქართველო გახსნილია ყველა ინვესტორისთვის.
წყარო: GBC