უახლოეს წლებში საქართველოს გაზის დამატებითი მოცულობის შესყიდვა აღარ დაჭირება, – განაცხადა ოთხშაბათს, პარლამენტში გამოსვლისას ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, აუცილებლობის შემთხვევაში რუსული „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვის პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა არ უნდა მოხდეს რუსული კომპანიის წილის მნიშვნელოვანი ზრდა ქართულ ბაზარზე.
„თუ ჩემს ქვეყანას, ჩემს ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს დაჭირდება გაზის დამატებითი მოცულობა და ვერ მოხდება მისი შეძენა აზერბაიჯანიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მოხდეს გაზით უზრუნველყოფა თუნდაც „გაზპრომისგან“ ნაყიდი გაზით. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება, თუ დავიწყებთ საუბარს, რომ ჩავანაცვლოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი და მთლიანად შემოვიყვანოთ „გაზპრომი“, – განაცხადა კალაძემ და საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას გაუსვა ხაზი, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს რამდენიმე მომწოდებლისგან მიიღოს გაზი, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში ირანიდან.
თუმცა, „სოკარსა“ და „შაჰ-დენიზის კონსორციუმთან“ მიღწეულმა შეთანხმებამ საქართველოს გაზმომარაგების პრობლემა მოუხსნა.
„ამ მოლაპარაკებების შედეგად, მომდევნო წლების განმავლობაში, საქართველოს გაზმომარაგებას არანაერი პრობლება არ ექნება. წელს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას – გაზსაცავის მშენებლობას. ამასთან, 2018-2019 წლებში შაჰ-დენიზის პროექტიდან, რომელიც წარმატებით ხორციელდება, მივიღებთ დამატებით მოცულობებს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
შეგახსენებთ, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბ. მეტრ გაზს მიიღებს.
წყარო: GBC