Fitch Ratings-მა “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ გრძელვადიანი რეიტინგი „BB-„-ს დონეზე დაუდასტურა, პროგნოზით ,,სტაბილური”.
ასევე უმაღლესი რეიტინგი რჩება მისი $250 მილიონიან ბონდებზეც, რომელთა დაფარვის ვადა 2017 წლის მაისშია.
გავლენიანი სააგენტო არ იზიარებს კონკურენტი Standard&Poor’s –ის შიშს კორპორაციის ვალის ზრდით ლიკვიდობისთვის საფრთხის შექმნაზე. შეგახსენებთ, S&P-მა „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ შეუმცირა, მიზეზი უახლოეს წლებში კომპანიის სავალო წნეხის შესაძლო ზრდაა.
რაც შეეხება Fitch-ის რეიტინგს, სააგენტომ უშუალოდ კორპორაციის რეიტინგი, როგორც ცალკეული კომპანიის რეიტინგი “B +” -ით შეაფასა, გამომდინარე კომპანიის მცირე ზომიდან და შეზღუდული ოპერაციებიდან.
ამასთან, სააგენტო კორპორაციის ახალ პროექტებზეც წერს (თბოსადგურის გაფართოება, გაზსაცავი), სადაც მისი შეფასებით $400 მილიონზე მეტი ჩაიდება და რაც დაფინანსდება სხვადასხვა ოპერაციებით და ვალით. საინვესტიციო პროექტებზე გადაწყვეტილება 2016 წელს იქნება მიღებული.
Fitch-ი ასევე ელის, რომ გარდაბანის თბოსადგურიდან, წლიური მოგება $30-40 მილიონის ფარგლებში იქნება 2016-2019 წლებში.
ამასთან, სარეიტინგო კომპანიის ვარაუდით, კორპორაციის მიერ გაზის მიწოდების აბსოლუტური ზღვარი გაიზრდება 2016-2019-ში, საშუალოდ $10-ით ყოველ ათას კუბურ მეტრზე (MCM) და კორპორაციის მიერ 2016-2019 წლებში გაზის გასაყიდი ფასი ათას კუბურ მეტრზე, დაახლოებით, $123 იქნება.
მთავარ დაშვებებს შორის სარეიტინგო კომპანია პროგნოზს აკეთებს ლარის კურსზეც აშშ დოლართან მიმართებაში და 2016 წელს გაცვლით კურსს 2.37-ის, ხოლო შემდგომ პერიოდში 2.35-ის ნიშნულზე ვარაუდობს.
წყარო: gbc.ge