ევროკომისიამ მხარი დაუჭირა საბერძნეთის ხელისუფლებისა და კომპანია Trans Adriatic Pipeline (TAP) AG-ის მიერ ადრიატიკულ ზღვაში გაზსადენის მშენებლობას.
ევროკომისიამ პროექტთან დაკავშირებით ათენისა და კომპანიის შეთანხმება კანონიერად ცნო. როგორც კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა განაცხადა, გაზსადენი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს ევროკავშირის ქვეყნებს და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას გაზრდის.
პროექტის მიხედვით, ახალი გაზსადენით ბუნებრივი აირის ტრანზიტი 2020 წლიდან დაიწყება. მილსადენის საშუალებით სამხრეთევროპული ქვეყნები ყოველწლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიიღებენ. მილსადენი, რომლის მშენებლობაც ადრიატიკის ზღვის გავლით იგეგმება, “გაზის სამხრეთის დერეფნის” ნაწილია.
“სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტი აზერბაიჯანული გაზის ევროპაში საქართველოს გავლით ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ქვეყანას საშუალება ექნება მიიღოს გაზის დამატებითი მოცულობები, შეღავათიან ფასად.