ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობას ბევრი სარგებელი მოაქვს -ამის შესახებ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უფროსმა, იანეშ კოპაჩმა განაცხადა.
” – ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობას ბევრი სარგებელი მოაქვს. არ ვგულისხმობ მხოლოდ ფინანსურ მოგებას, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სარგებელიც არის. ვგულისხმობ ცოდნას, რომელიც შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში.
და, რა თქმა უნდა, ეფექტიანი სამართლებრივი ჩარჩო, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს.
ევროპის სამართლებრივი ჩარჩო ჩამოყალიბებული და დაფუძნებულია მრავალწლიან შეცდომებზე. როდესაც ელექტროენერგიის ან გაზის ბაზრის კონცეფციაზე მუშაობ, ძალიან ადვილია შეცდომა დაუშვა. ამიტომაც, ენერგეტიკულ გაერთიანებას შეუძლია საქართველოს შესთავაზოს ევროპის გამოცდილება და ცოდნა სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.
სწორი გადაწყვეტილებები ხალხისთვისაა – ისინი მომხმარებლები არიან, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამართლებრივი ჩარჩო კი მომხმარებელთა უფლებებზეა დაფუძნებული – იმისათვის, რომ სწორად ავირჩიოთ მომწოდებელი, არასწორად არ გამოვიყენოთ ბუნებრივი მონოპოლიები, რაც ჩვეულებრივი რამაა ენერგეტიკის სფეროში (ელექტროენერგიის ორი ხაზი ვერ გექნება, მაგრამ უნდა გქონდეს ძლიერი რეგულატორი, რომელიც გონივრულ ტარიფებს აწესებს), და შევქმნათ ენერგეტიკის სისტემა, რომელიც მიწოდების უსაფრთხოებას და მდგრადობას უზრუნველყოფს.
ენერგეტიკული გაერთიანება ყოველთვის აღიარებული იყო ერთგვარ „მოსაცდელ ოთახად“ ევროკავშირისათვის, მაგრამ ის ამაზე მეტია. მას მოაქვს ცვლილებები სამართლებრივ სისტემაში და შემოაქვს ევროპული ღირებულებები, სულ მცირე, ენერგეტიკის სფეროში”, – განაცხადა იანეშ კოპაჩმა.