ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის განვითარებაში დაინტერესებულმა ინვესტორებმა დაათვალიერეს პროექტის სამშენებლო და მიმდებარე ტერიტორიები.
ინვესტორების წარმომადგენლებს გიდობას უწევდნენ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის,“ სს „ნამახვანის“ და პროექტის ძრითადი დიზაინის ავტორის – „Studio Ing. G Pietrangeli Srl”- წარმომადგენლები. სტუმრებმა დაათვალიერეს ნამახვანის და ტვიშის კაშხლების და ჰესის შენობების განთავსების ტერიტორიები, ასევე სს „ნამახვანის“ მიერ აშენებული ახალი ხიდი სოფელ ჟონეთში, რომელიც მოემსახურება ჰესის მშენებლობის დროს ელექტრომექანიკური მოწყობილობების და მასალების გადატანას.
ჟურნალისტები გაესაუბრნენ როგორც ინვესტორებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც უკვე მრავალი წელია ელოდებიან განსახლებას და სანაცვლო ანაზღაურებას.
ამავე დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე ჩატარდა შეხვედრა, სადაც პოტენციური ინვესტორების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ ნებისმიერი შეკითხვა როგორც ინვესტორთა შერჩევის პროცედურებთან, ისე პროექტის ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ინვესტორებს განმარტებებს აძლევდა სს „ნამახვანის“ წარმომადგენელი, დირექტორი გიორგი ჩაჩიბაია. ყველა დასმული შეკითხვა შესაბამისი პასუხებით მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება ელექტრონულად.
ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობას იღებს 26 პოტენციური ინვესტორი, რომელთა ძირითადი ნაწილი ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე კომპანიებია.