საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ, კომისიის თანამშრომლებთან ერთად, 25-28 მაისს ქ. სტამბულში მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის მარეგულირებელთა მე-6 მსოფლიო ფორუმში.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმი ამ სფეროს მარეგულირებელი ინსტიტუტების თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბებული ერთ-ერთი მთავარი კონფერენციაა და მისი მიზანია რეგულატორთა შორის საკვანძო საკითხების შესახებ დისკუსიები და გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციაზე ირინა მილორავამ წარადგინა პრეზენტაცია სახელწოდებით: „საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურა და მარეგულირებელი ჩარჩოები“, რომლის ფარგლებშიც თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყნის ენერგეტიკულ სტრატეგიაზე, რომელიც შეეხება საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ჩარჩოების ჰარმონიზებას ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან. ასევე, საქართველოს, როგორც ექსპორტიორი და სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის გაზრდაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
ირინა მილორავამ აღნიშნა, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით ჩამოყალიბდა ელექტროენერგიის ტრანზიტის მარეგულირებელი ნორმები. ასევე, კომისიას მიენიჭა უფლება, განახორციელოს ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი, დაამტკიცოს ქსელის წესები და საბალანსო ელექტროენერგიის, ასევე, გარანტირებული სიმძლავრის ვაჭრობისა და გადამცემი და დისპეტჩერიზაციის მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები. კომისიის უფლებამოსილებას დაემატა რეგულირებადი კომპანიებისთვის ერთიანი საბუღალტრო-სააღირცხვო სისტემის შემუშავება და დანერგვა.
თავმჯდომარის განცხადებით, ტრანს-სასაზღვრო სიმძლავრის გადანაწილების განვითარება და ელექტროენერგიით ვაჭრობა დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის გაფორმდა ელექტროენერგიით ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც რატიფიცირებულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტების მიერ. გარდა ამისა, ხელი მოეწერა ურთიერთდამაკავშირებელი ოპერირების ხელშეკრულებას (IOA) თურქეთის გადამცემი სისტემის ოპერატორსა და საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის.