“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელობა მოქმედებს თაღლითური გზით, თვითნებურად და კანონის სრული უგულველყოფით აწესებს გადასახადებს, ამის შესახებ “ნარიყალას” ხელმძღვანელი, ნოდარ ტოტოღაშვილი გაზეთ “ვერსიასთან” საუბრობს.
აბანოს ხელმძღვანელები წყლის კომპანიას არაკანონიერ ქმედებაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ სიმართლის დასადგენად.
სემეკი-ს 2010 წლის 17 აგვისტოს, წყალმომარაგების ტარიფის შესახებ დადგენილებით წყალარიდების ზღვრული ტარიფი – 0,716 ლარი/მ3 –ით განისაზღვრა.
ეს იმას ნიშნავს, რომ საკანალიზაციო მომსახურებისთვის,კომპანიას ერთ კუბურ მეტრ წყალზე, მომხმარებელს მაქსიმუმ, 0,716 ლარი შეუძლია გადაახდევინოს. კანონმდებლობის თანახმად, ამ ტარიფს ემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი, რაც 18%-ს შეადგენს და საერთო ტარიფი 0,845 ლარამდე ადის. ამ დროს, 2015 წლის თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეში აბანოების ხელმძღვანელებს მოუვიდათ ქვითრები, სადაც ერთ კუბურ მეტრზე 0,90 ლარია ნაანგარიშები. ანუ, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ერთ კუბურ მეტრზე გადასახადი 0,055 ლარით უკანონოდ გაზარდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გოგირდის აბანოების მეპატრონეები “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“ დაწესებულ არაგონივრულად მაღალ გადასახადსაც აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თუ სემეკმა და კომპანიამ მათთან შეთანხმებას არ მიაღწია, მუშაობას ვერ გააგრძელებენ. არის საფრთხე, რომ თბილისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ღირშესანიშნაობის გარეშე დარჩეს.