კახა კალაძე: ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ტარიფების გათანაბრება მთელი საქართველოს მასშტაბით

კახა კალაძე: ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ტარიფების გათანაბრება მთელი საქართველოს მასშტაბით

ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ტარიფების გათანაბრება მთელი საქართველოს მასშტაბით, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა. მინისტრი ამ განცხადებით თელავში ბუნებრივი აირის ტარიფი ზრდას გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ განმარტა, ეს არის 2008-2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება.

“ეს გაკეთდა მიზანმიმართულად წინა ხელისუფლების დროს, რომ წახალისება მომხდარიყო გაზიფიცირების სამუშაოების, განსაკუთრებით რეგიონებისთვის, რომ არა მხოლოდ “სოკარს” და სახელმწიფოს ეწარმოებინათ სამუშაოები, არამედ კერძო კომპანიებს, ვისაც სურვილი ექნებოდა. ზუსტად ეს მაგალითი გვაქვს დღეს სახეზე. სახელმწიფო და ვერც მარეგულირებელი კომისია ვერ ჩაერევა, რადგან ეს არის დერეგულირებული სეგმენტი.

ასევე მუხიანის დასახლებაში არის 2 ლიცენზიანტი კომპანია და აბონენტების ერთ ნაწილს აქვს უფრო დაბალი ფასი, მეორე ნაწილს უფრო მაღალი. მე ვფიქრობ, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა. ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ტარიფების გათანაბრება მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ერთნაირი ტარიფები და არა განსხვავებული”, -განაცხადა კალაძემ.

თელავში ბუნებრივი აირის მომხმარებელ აბონენტებს პირველი აპრილიდან გაზის ტარიფი უძვირდებათ. აბონენტები 1 კუბურ მეტრზე 48 თეთრის ნაცვლად, 59 თეთრს გადაიხდიან.

წყარო: guardian.ge

Leave a Reply