„ფრონტერას“ უტოპიური განცხადებები ბირჟებზე აქციების ფასების ზრდის მიზანს ემსახურება

„ფრონტერას“ უტოპიური განცხადებები ბირჟებზე აქციების ფასების ზრდის მიზანს ემსახურება

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონპანია „ფრონტერამ“, საქართველოში 5 ტრილიონი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის მარაგები აღმოაჩინა. კომპანიის გენერალური დირექტორის სტივ ნიკარსონის თქმით, საქართველო ძალიან მალე მოახერხებს, რომ ბუნებრივი აირის იმპორტიორიდან ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს და ევროპის გაზმომარაგებაშიც კი წვლილი შეიტანოს.

ექსპერტების ნაწილი კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არარეალურად მიიჩნევს, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია „ფრონტერას“ მხრიდან წლების განმავლობაში არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა რეალურად გაზის მოპოვების სამუშაოები ისევ არარეალურ პერსპექტივად რჩება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ კომპანიის მიზანი საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების ზრდას ემსახურება.

„ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ სტრატეგია, შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობების შეფასება და ამ ბაზრებზე გასვლაა. აღნიშნული კომპანია წლების განმავლობაში ძალიან ხშირად ავრცელებდა ახალი მარაგების აღმოჩენასთან დაკავშირებულ განცხადებებს. როგორც ვიცით, საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობა საკმაოდ მგრძნობიარე პროცესია და ნებისმიერ განცხადებას თუ მოვლენას, რომელიც კომპანიის საქმიანობას უკავშირდება დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია აქციების ფასებზე.

კონკრეტულად „ფრონტერას“ მაგალითზე ნათლად ჩანს კომპანიის განცხადებებისა და ბირჟებზე ფასების ცვლილების ურთიერთდამოკიდებულება. ხშირ შემთხვევაში ასეთი ხმაურიანი განცხადებები საკმაოდ დადებითად ისახება ხოლმე აქციების ფასებზე. მაგალითად „ფრონტერას“ ბოლო განცხადების შემთხვევაში, (5 ტრილიონი კუბური მეტრის მარაგების აღმოჩენასთან დაკავშირებით) ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ფასის ზრდამ 28% შეადგინა. ანალოგიური გზით „ფრონტერამ“ აქციების ფასების 18%-იანი ზრდა დეკემბრის თვეშიც მოახერხა, როცა კახეთის საბადოზე მოპოვებითი სამუშაოების პროგრესის შესახებ განცხადება გაავრცელა. ასეთი მაგალითები საკმაოდ მრავლად არის, და  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მეთოდებით ბირჟაზე ვაჭრობა, კომპანიის სტრატეგიულ ხედვად ჩამოყალიბდა, ასევე უნდა აღნიშნოს, რომ ასეთი გზებით აქციების ფასების ზრდა, სხვა არაკეთილსინდისიერად მოთამაშე კომპანიებისთვის, აპრობირებული მეთოდია.

აქვე საგულისხმოა, რომ „ფრონტერასა“ და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის სამართლებრივი დავაც კი იყო. სახელმწიფო ფრონტერასგან გაზის მარაგების შესახებ ანგარიშს ითხოვდა, ფრონტერა კი ამ დოკუმენტაციის წარდგენაზე უარს აცხადებდა, რის საფუძველზეც სახელმწიფომ კომპანია დააჯარიმა. სწორედ ამიტომ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ „ფრონტერა“ მიუღებელი თამაშის წესებით თამაშობს საფუძვლიანია“, – განაცხადა „აფბას“ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა.

bfm.ge

Leave a Reply