ევროკავშირში დიზელის საწვავის ფიუჩერსების ფასები 1,6%-ით დაეცა, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში 20%-ით შემცირებული მაჩვენებელია. CNN იუწყება, რომ რეგიონში მოთხოვნა შემცირდა.
ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, ევროკავშირში სატვირთო მანქანების დაახლოებით 96%, ფურგონების 91% და მანქანების 42% ამ საწვავზე მუშაობს.
“იგულისხმებოდა, რომ აკრძალვის შემოღების შემდეგ ევროპისთვის დიზელის საწვავის მიწოდება შემცირდებოდა, მაგრამ რეალურად ეს ამჟამად არ ხდება”, – ამბობს მარკ უილიამსი, საკონსულტაციო კომპანია Wood Mackenzie-ის კვლევის დირექტორი.
ანალიტიკოსები კლებას ნაწილობრივ, რეგიონში ჩვეულებრივზე უფრო თბილ ამინდს უკავშირებენ, ვინაიდან დიზელი ასევე გამოიყენება გასათბობად. მიუხედავად ბოლოდროინდელი ვარდნისა, საბითუმო ფასები კვლავ 10%-ით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს.
2022 წლის მაისის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები რუსული ნავთობის ექსპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ.
2022 წლის 3 დეკემბერს ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარი დაეწესებინა – ბარელზე 60 დოლარი.
2022 წლის 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის სანავთობო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
ფასის ზედა ზღვარი ნიშნავს, რომ 5 დეკემბრიდან ევროკავშირის 27 ქვეყანა და კიდევ დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, იაპონია და ავსტრალია რუსულ სატანკერო ნავთობთან დაკავშირებულ მომსახურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასწევენ, თუ ის შეძენილია დადგენილ ფასად ან ნაკლებად. ბარელზე 60 დოლარზე ძვირი ნედლეულის ტრანსპორტირება და დაზღვევა აკრძალულია. საუბარია მხოლოდ საზღვაო გადაზიდვებზე, აკრძალვა არ ეხება მილსადენის ნავთობს.
წყარო: ipress.ge