ფასების ინტენსიური ვარდნის გამო, ნავთობის ბაზარზე გაურკვევლობაა

ნავთობის ფასი ვარდნას პარასკევსაც აგრძელებს იმის გამო, რომ ინვესტორების მოლოდინები ჩინეთში ნედლეულზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით განელდა, ხოლო აშშ–ის რეზერვების მოცულობა იზრდება.

წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მერყეობა ბარელზე დაახლოებით $10–ს შეადგენს. Bloomberg წერს, რომ ერთის მხრივ, ბაზარი ნავთობზე მოთხოვნას ელოდება მას შემდეგ, რაც ჩინეთმა პანდემიის გამო შემოღებული კარანტინი მოხსნა, თუმცა, მეორეს მხრივ, ინვესტორები შიშობენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობა შენელდება. ამ უკანასკნელის მიზეზად გამოცემის ექსპერტები ცენტრალური ბანკების მიერ ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებას ასახელებენ.

გარდა ამისა, მომავალი კვირიდან იწყებს მოქმედებას ევროკავშირის ემბარგო რუსულ ნავთობპროდუქტებზე, რომელსაც თან ახლავს რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი. ტრეიდერები ამ გადაწყვეტილების შედეგებსაც დაელოდებიან.

თბილისის დროით 09:50 საათისთვის, ლონდონის ბირჟაზე Brent–ის მარკის ნავთობის ფასი, აპრილში მიწოდების პირობით, 0,29%–ით არის შემცირებული და ბარელი $81,9 ღირს. ამერიკული WTI ამ დროისთვის $75,59–ად ივაჭრება, რაც 0,38%–ით ნაკლებია ხუთშაბათის სესიის დახურვისას დაფიქსირებულ ფასზე.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply