სომხეთი გეგმავს შეცვალოს გაზის ტრანსპორტირების მარშრუტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამის შესახებ ჟურნალისტებს „გაზპრომ არმენიას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გრანტ თადევოსიანმა განუცხადა.
მისი თქმით, გაზსადენის დაახლოებით 17–კილომეტრიანი მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაზე გადის, ხოლო სამკილომეტრიანი მონაკვეთი აზერბაიჯანის საზღვართან უშუალო სიახლოვეს, საკმაოდ არასტაბილურ ზონაში მდებარეობს.
გარდა ამისა, მისი თქმით, გაზსადენი ხშირად ზიანდება, მათ შორის ქვების ცვენის გამო, რამაც სომხეთს გაზის პირდაპირი მიწოდების მხრივ პრობლემები შეუქმნა და აიძულა, რეზერვებისთვის მიემართა.
„ამასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,, შევცვალოთ გაზსადენის მარშრუტი მოწოდების უსაფრთხოების ამაღლების მიზნით. ამ მომენტისთვის ჩვენ განხილვების სტადიაზე ვიმყოფებით. არის პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა, ხოლო რამდენადაც სამუშაოების დიდი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა წარიმართოს, საკითხი არის მთავრობებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებს შორის განხილვის სტადიაზე,“ – განაცხადა თადევოსიანმა.
მისი თქმით, კომპანია იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში მიღწეულ იქნება შეთანხმება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან. ამასთან, „გაზპრომ არმენიამ“ უკვე შეიმუშავა მშენებლობის დაფინანსების პროექტი და ის 2016–2018 წლების საინვესტიციო პროგრამაში შეიტანა.
„ქართული მხარის პოზიციიდან გამომდინარე, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება 3–კილომეტრიანი მონაკვეთის სომხეთის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. ჯერჯერობით კი ჩვენ გავითვალისწინეთ ფინანსური ხარჯები, რათა გავიგოთ, რა ციფრებზეა საუბარი,“ – განაცხადა თადევოსიანმა.
„გაზპრომ არმენია“ ახდენს გაზის მიწოდების ორგანიზებას სომხეთის ბაზარზე. არსებული კონტრაქტით, „გაზპრომი“ სომხეთს ყოველწლიურად 2,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის.
წყარო: კომერსანტი