მწვანე წყალბადის მილსადენი, რომელიც საფრანგეთს ესპანეთიდან და პორტუგალიიდან მოამარაგებს, გერმანიამდე უნდა გაგრძელდეს. აღნიშნული გეგმა პარიზისა და ბერლინის მიერ წარმოდგენილი ახალი „ერთობლივი საგზაო რუკის“ ნაწილია, რომელიც „სამომავლო, განსაკუთრებით განახლებადი და დაბალი ნახშირბადის გამომყოფი პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიებში, ინვესტიციების გაძლიერებას“ ითვალისწინებს.
H2Med-ის სახელით ცნობილი წყალქვეშა მილსადენი ექსპლუატაციაში სავარაუდოდ 2030 წელს შევა. მილსადენის საშუალებით, იბერიის ნახევარკუნძულიდან საფრანგეთამდე, განახლებადი ენერგიის გამოყენებით წარმოებული წყალბადის ტრანსპორტირება განხორციელდება. არსებული გეგმით, მილსადენი წელიწადში 2 მილიონ ტონაზე მეტ მწვანე წყალბადს გადაიტანს, რაც ევროკავშირის მთლიანი მოხმარების 10%-ს შეადგენს.
ესპანეთის ეკოლოგიური ტრანზიციის მინისტრ ტერეზა რიბერას შეფასებით, გერმანიის პროექტში გაწევრიანება „შესანიშნავი სიახლეა“. შეგახსენებთ, რომ წყალბადის პროექტებისთვის ევროკავშირის €5.2-მილიარდიანი საჯარო დაფინანსება ევროკომისიამ 2022 წლის სექტემბერში დაამტკიცა.
მიუხედავად იმისა, რომ წყალბადი მომავლის სუფთა საწვავად მიიჩნევა და ქვეყნებიც მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების სრულად შემცირება საკმაოდ რთული პროცესი იქნება. წყალბადზე გადასვლა ბუნებრივი აირის ეკოსისტემის სრულ შეცვლას მოითხოვს, განაწილების, შენახვის, მილსადენების, საწყობი ობიექტებისა და პორტების ჩათვლით.
გასულ თვეში H2Med-ის მილსადენის შესახებ განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გააკეთა, რომლის ინფორმაციითაც, ესპანეთსა და საფრანგეთს შორის მწვანე წყალბადის გადამტანი მიწისქვეშა მილსადენი დაახლოებით $2.6 მილიარდი დაჯდება.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კორიდორი „ევროპის წყალბადის ხერხემლის“ ნაწილს წარმოადგენს და იბერიას „მთავარ ენერგეტიკულ ჰაბად“ აქცევს. მილსადენი ევროკავშირს 2030 წლისთვის კონტინენტის მასშტაბით წლიურად 10 მილიონი ტონა სუფთა წყალბადის წარმოების საშუალებას აძლევს, დამატებით 10 მილიონი ტონის გატანას კი ბლოკი ათწლეულის ბოლოს ექსპორტზეც შეძლებს.
წყარო: forbes.ge