BP კასპიის ზღვაში ორ ახალ ჭაბურღილს გაიყვანს – მიზანი გაზის რეზერვუარების აღმოჩენაა

ბრიტანული ნავთობმომპოვებელი გიგანტი BP გაზის მარაგების აღმოსაჩენად კასპიის ზღვის ფსკერზე ორი ახალი ჭაბურღილის გაყვანას იწყებს.

გადაწყვეტილება ემთხვევა მოცემულობას, რომელშიც აზერბაიჯანი გაზს ირანიდან და რუსეთიდან ყიდულობს შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და საექსპორტო კონტრაქტების შესასრულებლად. 5 წელში ბაქოში ევროპაში ექსპორტის გაორმაგებასაც ისახავენ მიზნად.

BP-ის თანახმად, პირველი ჭაბურღილის სიღრმე 7,000 მეტრს მიაღწევს, რათა რეზერვუარიდან ბუნებრივი აირის მოპოვება გახდეს შესაძლებელი. რეზერვუარის სავარაუდო ადგილმდებარეობა შაჰ დენიზის საბადოს ქვემოთაა. პროექტის განხორციელებას 1 წელი დასჭირდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, იქნება თუ არა შესაძლებელი მოპოვებული გაზის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება.

მეორე ჭაბურღილი 4,500 მეტრის სიღრმის იქნება, რეზერვუარის შესაძლო ადგილმდებარეობა კი აზერბაიჯანის მთავარი საბადოს, აზერი-შირაქი-გუნეშლის (ACG) ქვეშაა. მის დასრულების ვადად 3 თვე სახელდება.

აღსანიშნავია, რომ ღრმა წყალში ბურღვა განსაკუთრებით ძვირი ჯდება, თითოეული ჭარბუღილის გაყვანას მილიონობით დოლარი დასჭირდება.

პირველი ჭაბურღილის გაყვანა წარმოების არსებული შეთანხმების პირობებში მოხდება. შეთანხმების მონაწილეები არიან ბაქო და კონსორციუმი, რომელშიც BP, აზერბაიჯანული SOCAR-ი, თურქეთისა და ირანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიები, TPAO და NICO, ასევე რუსული Lukoil-ი შედიან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რეზერვუარიდან მოპოვებული ბუნებრივი აირის განმკარგველი სწორედ კონსორციუმი იქნება და ხარჯების დაფარვის საშუალება ამ რესურსის გაყიდვით მიღებული შემოსავლით შეეძლება.

ACG-ის საბადოს შემთხვევაში სიტუაცია უფრო კომპლექსურია. როგორც საბადოების უმეტესობა, ACG-ც დიდი მოცულობით გაზს აწარმოებს. მისი ნაწილი ნავთობის წარმოებისთვის გამოიყენება, ნაწილი კი მილსადენით სხვადასხვა მიმართულებით გაედინება.

წარმოების შეთანხმების შესაბამისად, საბადოდან მიღებული ნავთობი ACG კონსორციუმს ეკუთვნის. მისი წევრები BP, SOCAR, TPAO, Exxon Mobil და კიდევ ექვსი საერთაშორისო კომპანიაა, რომლებსაც წიაღისეული საწვავი გლობალურ ბაზრებზე გააქვთ. თუმცა, ბუნებრივი აირი, რომელიც ხმელეთით გადაიტვირთება, ეკუთვნის Socar-ს და აზერბაიჯანის ადგილობრივ მოსახლეობას ხმარდება.

BP-მ გამოცემა Eurasianet-თან დაადასტურა, რომ სამუშაოებს ACG კონსორციუმი აფინანსებს, მიუხედავად გარანტიის არარსებობისა, რომ ხარჯებს უკანვე ამოიღებს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კონსორციუმი დარწმუნებულია გაზის რეზერვუარების არსებობაში და შესაძლებლობაში, რომ ბაქოს და კონსორციუმში შემავალი კომერციული პარტნიორების ინტერესები დაკმაყოფილდება.

გაზის დამატებითი მოცულობების აღმოჩენის შემთხვევაში, მის გასაყიდად ბაზრის მოძებნა რთული არ იქნება. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და სანქციების შედეგად ამოტრიალებული ენერგეტიკული ბაზრის ფონზე, აზერბაიჯანი უკვე აწვდის ბუნებრივ აირს საბერძნეთსა და ბულგარეთს, თუმცა ინტერესს სხვა სამხრეთ-აღმოსავლური ევროპის ქვეყნებიც გამოხატავენ.

ივლისში ბრიუსელსა და ბაქოს შორის გარდამტეხი შეთანხმება შედგა, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის ექსპორტის 20 მლრდ კუბურ მეტრამდე გაორმაგებას 2027 წლისთვის. მიუხედავად ამისა, გასულ წელს ევროპაში ექსპორტმა მხოლოდ 11.4 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, წელს კი მაჩვენებლის 11.6 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზრდაა მოსალოდნელი.

უცნობია, რას აქვს გავლენა საექსპორტო მოცულობაზე, შეზღუდულ წარმოებას თუ შეზღუდულ მარაგებს, თუმცა ფაქტია, აზერბაიჯანისთვის საექსპორტო და ადგილობრივი მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილება სირთულეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ბაქოში რუსეთისგან გაზის შესყიდვასაც დათანხმდნენ, ეს კი ზრდის ეჭვებს, რომ აზერბაიჯანი ევროპაში რუსეთიდან იმპორტირებულ გაზს ყიდის, რამაც, შესაძლოა, საფუძველი შეურყიოს ევროკავშირთან შეთანხმებას, რომლის მიზანი აგრესორი ქვეყნის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებაა.

ეჭვის გარეშეა ის, რომ შაჰ დენიზის არსებული რეზერვუარებით აზერბაიჯანი ბრიუსელთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებს და საჭირო იქნება ახალი მარაგების მოძიება. მოახერხებს თუ არა ქვეყანა ამას, დრო გვიჩვენებს.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply