უკრაინაში, ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის ორი ახალი ბლოკი ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენდება.
ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.
„ამერიკული კომპანია Westinghouse-ის მიერ უკრაინაში AP1000®️ რეაქტორების მშენებლობა რუსეთთან ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის დასასრულებლად, მნიშვნელოვანია. დღეს მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა, რომ დავიწყებთ ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებას ახალი ტიპის რეაქტორებისთვის, რომლებიც უკრაინაში პირველად აშენდება“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ.
მისივე თქმით, ამ გზით უკრაინაში საბჭოთა ტექნოლოგიების გამოყენებით ბირთვული წარმოების შექმნის ერა დასრულდა.
KhNPP-ზე ორი ენერგეტიკული ბლოკის მშენებლობის დასრულებისა და გაშვების სავარაუდო ვადა 2030-2032 წლებია, თუმცა ვადებზე შესაძლოა, საომარი მოქმედებების მიმდინარეობამ იქონიოს გავლენა.
ერთი ელექტროსადგური დაახლოებით $5 მილიარდი დაჯდება.
ენერგეტიკის სამინისტრომ განმარტა, რომ Westinghouse AP1000®️ რეაქტორი III+ თაობის რეაქტორია, რომელსაც საბჭოთა VVER-1000-თან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს (ამჟამად უკრაინაში ფუნქციონირებს 13 ასეთი ელექტროსადგური), განსაკუთრებით უსაფრთხოების, ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით.