ყაზტრანსგაზ თბილისი" ყაზახურ მენეჯმენტს წელს დაუბრუნდება

“ყაზტრანსგაზ თბილისი” ყაზახურ მენეჯმენტს წელს დაუბრუნდება

ქართულმა და ყაზახურმა მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ “ყაზტრანსგაზ თბილისი” ყაზახურ მხარეს მიმდინარე წელს დაუბრუნდება. ამის შესახებ ყაზახეთის ელჩმა ერმუხამედ ერთისბაევმა განუცხადა.

ამასთან, ის ვერ ასახელებს, კონკრეტულად როდის მოხდება ეს და ამბობს, რომ ჯერჯერობით საკითხი „ჰაერშია“ და მხარეები მისი გადაწყვეტის გზებს ეძებენ.

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ თემას საქართველოს ფინანსთა მინისტრი EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ყაზახეთის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე შეეხო.

„ვისაუბრეთ საქართველოს ვალზე ყაზახეთის მიმართ. რაც ძირი თანხა 25 მილიონია. ყაზახეთი მზად არის რომ განიხილოს რესტრუქტურიზაციის პროცესი. ამ საკითხზე თანამშრომლობას გავაგრძელებთ. შევეხეთ ყაზტრანსგაზის საკითხსაც რომელსაც იხილავს როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე ენერგეტიკის სამინისტრო – ამ საკითხსაც აუცილებლად შევთავაზებთ ყაზახურ მხარეს” – განაცხადა ხადურმა.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა, რომ კომპანიაში ყაზახური მხარე შესაძლოა 2014 წელს დაბრუნებულიყო.

2015 წლის დასაწყისში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა  განაცხადა, რომ მუშაობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს, იყო მოლაპარაკება პრემიერის ვიზიტის დროს და ახლა, უბრალოდ, შესაბამისი დოკუმენტების მომზადების ეტაპი იყო იმისათვის, რომ კომპანიაში ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებისთვის სამართლებრივი ბაზა მომზადებულიყო.

„უბრალოდ ეს არის დროში გაწელილი პროცესი. თუმცა პრინციპულ გადაწყვეტილებაში არავითარი ცვლილება არ არის. სურვილია, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევიდნენ, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ძალიან ბევრი დოკუმენტია სამთავრობოთაშორის დონეზე გასაფორმებელი, მოსაწესრიგებელია სამართლებრივი სტატუსი. ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებისკენ გადაიდგა ნაბიჯები პრინციპული შეთანხმებით, და ამას უბრალოდ სამართლებრივი დალაგება სჭირდება. ეს კი დროსთანაა დაკავშირებული,” – განაცხადა ვალიშვილმა.

მისივე თქმით, ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნების საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ვალთან დაკავშირებით არსებული საკითხის მოგვარება.

რამდენიმე თვის წინ ყაზახეთის ხელისუფლებამ 2015 წელს კომპანიის მფლობელი „ყაზტრანსგაზის” პრივატიზაციის გეგმების შესახებ განაცხადა.

ყაზახურმა კომპანია “ყაზტრანსგაზმა” თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილგაზი” 12 500 000 აშშ დოლარად 2006 წელს შეიძინა. 2009 წლისთვის “ყაზტრანსგაზ-თბილისს” 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” სპეციალური მმართველი დანიშნა.

 

Leave a Reply