COP28-ის პრეზიდენტად ნავთობკომპანიის CEO დასახელდა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა COP28-ის კლიმატის მოლაპარაკებების ხელმძღვანელად მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დაასახელა. ცნობისთვის, COP28 2023 წლის 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, დუბაიში გაიმართება.

საამიროების მიერ დასახელებული სულთან ალ ჯაბერი ქვეყნის მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრი და „აბუ-დაბის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორია. გარდა ამისა, ჯაბერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კლიმატური საკითხების მიმართულებით ელჩი და სამთავრობო საკუთრებაში არსებული განახლებადი ენერგიის კომპანია Masdar-ის თავმჯდომარეა.

როგორც COP28-ის პრეზიდენტი, ალ ჯაბერი გადამწყვეტ როლს ითამაშებს სამთავრობოთაშორისო მოლაპარაკებების წარმართვაში, ისევე როგორც გაეროს კლიმატური სამიტის კონფერენციის შედეგების განსაზღვრაში. მისი განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროები COP28-ის სამიტს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.

თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ კი ალ ჯაბერმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა ტემპერატურული ზრდის 1.5°C-იანი მიზნის დასაცავად და მომავალი თაობებისთვის პლანეტის შესანარჩუნებლად. მისივე განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროები „ინკლუზიურ მიდგომას“ შეიმუშავებს, რომელიც მოლაპარაკებებში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვას განაპირობებს. ამ მხრივ კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გლობალური სამხრეთია, რომელიც კლიმატური ცვლილებებისადმი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი რეგიონია.

მიუხედავად ალ ჯაბერის განცხადებებისა, COP28-ის პრეზიდენტად მის დანიშვნას კრიტიკა უკვე მოჰყვა გარემოსდამცველი ჯგუფებისგან. Global Witness-ში „წიაღისეული საწვავის კამპანიის“ ლიდერი ალისა ჰარისონი ინტერესთა აშკარა კონფლიქტზეც მიუთითებს. „არავინ მისცემს უფლებას იარაღით მოვაჭრეს, წარმართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, მაშინ რატომ ვაძლევთ ნავთობის კომპანიის ხელმძღვანელებს უფლებას, წარმართონ კლიმატური სამიტი?“, – განაცხადა ჰარისონმა.

თუმცა, ალ ჯაბერის დანიშვნის გარდა, ეკოაქტივისტები უარყოფითად განწყობილნი თავად სამიტის მასპინძელი ქვეყნის მიმართაც არიან. შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რაც კლიმატის დამცველებს ქვეყნის მიმართ სიმპათიით ნამდვილად ვერ განაწყობს.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply