სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია. ოთხდღიანმა ძლიერმა ქარმა დააზიანა 1200-ზე მეტი შენობა, მათ შორის საბავშვო ბაღები, სკოლები, საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები.
სტიქიის შედეგად დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.
„60 ადმინისტრაციულ ერთეულს უკვე აქვს ელექტროენერგია, დარჩენილი გვაქვს 50 ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც ელექტროენერგიის გარეშეა. ვვარაუდობთ, რომ დღის ბოლომდე მათაც სრულად ექნებათ მიწოდებული ელექტროენერგია, რაც სრულად მოაგვარებს წყალმომარაგების პრობლემასაც. რაც შეეხება ზარალს, ამ ეტაპისთვის დაახლოებით 1100 საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, 37 საჯარო სკოლა, 38 საცხოვრებელი კორპუსი, 6 საბავშვო ბაღი. გარდა ამისა, გვაქვს დაზიანებული რამდენიმე ავტომობილი “ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.