უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გენერატორების მიწოდებისთვის საქართველოს მადლობას უხდის.
შესაბამისი განცხადება სამინისტროს “ტვიტერის” გვერდზე გამოქვეყნდა.
“მადლობა საქართველოს ხარკოვისთვის მაღალი სიმძლავრის დენის გენერატორების მიწოდებისთვის, რომლებიც 5 იანვარს უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ იქნა მიწოდებული. ჩვენ ვაფასებთ თითოეულ მხარდაჭერას რუსეთის საჰაერო, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების შემდეგ დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: 6 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააბრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი ქალაქ კიევში ჩავიდა. მისივე ცნობით, აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს
უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, გენერატორები, საჭიროების შესაბამისად, უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა და ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა.
„აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს ინფორმაცია ასევე მიაწოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
2022 წლის დეკემბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეძენილი 25 გენერატორი საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკრაინისთვის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები შეიძინა, რომელთა საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.