2023 წლიდან ქვეყანაში მხოლოდ ევრო-5 სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდება.
„გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გარემოს დაბინძურების დონის შესამცირებლად“, – განაცხადა Bm.ge -თან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
„დიზელზე 2023 წლიდან ვგეგმავთ ევრო-5 სტანდარტის დამკვიდრებას და, რა თქმა უნდა, სტანდარტის დაწესებასთან ერთად, სახელმწიფო მუდმივად აკონტროლებს საწვავის ხარისხს. ტესტის შედეგები აჩვენებს, რომ ბენზინი შეესაბამება კანონით დადგენილ სტანდარტებს. რაც შეეხება დიზელს, არის გარკვეული პრობლემები, არის შემთხვევები, როდესაც დიზელის საწვავი არ აკმაყოფილებს არსებულ სტანდარტს და, რა თქმა უნდა, აქ საკმაოდ მკაცრი სანქციები გვაქვს“, – განაცხადა თანდილაშვილმა.
ასევე, 2023 წლიდან „სოკარი“ ევრო 5 სტანდარტის დიზელის იმპორტირებას იწყებს. უმაღლესი ხარისხის საწვავი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვა. ბაქოში არსებული დიზელის ქარხანა დიდი ხნის განმავლობაში გადაიარაღების პროცესში იყო, რომელიც უკვე ფაქტობრივად დასრულების ეტაპზეა და ქარხანა მზადაა გაზაფხულიდან ევრო 5 სტანდარტის დიზელი აწარმოოს.
აქამდე „სოკარის“ წილი დიზელის იმპორტში 40%-მდე იყო, რაც 2022 წელს ქარხნის გადაიარაღების გამო დროებით შემცირდა. მიმდინარე წელს კი მოსალოდნელია რომ ეს წილი „სოკარმა“ კვლავ აღიდგინოს. ეს ნიშნავს იმას, რომ რიგითი მომხმარებლისთვის და კორპორაციული კლიენტებისთვის გაჩნდება შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი ხარისხის ევრო 5 ტიპის დიზელი შედარებით დაბალ ფასად. დაბალ ფასს განაპირობებს მეზობელი ქვეყნის გეოგრაფიული სიახლოვე, გამარტივებული ლოგისტიკური ჯაჭვი, ტრანსპორტირების დროის სიმცირე და თავად იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულება.
წლების განმავლობაში, „სოკარის“ ყველა ტიპის ბენზინი და ევრო დიზელი ევრო 5 სტანდარტს აკმაყოფილებდა, თუმცა, პორტფელში ასევე იყო აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ევრო 4 ტიპის დიზელი, რომელიც ადგილობრივ ქსელში შედარებით დაბალ ფასად იყიდებოდა.