2022 წლის ბოლო ოთხ კვირაში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამის შესახებ Bloomberg-ის მონიტორინგის ქვეშ მყოფი გემების მოძრაობის მონაცემებში არის ნათქვამი, რასაც სააგენტო ავრცელებს.
რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდება დღეში 117 000 ბარელით შემცირდა და ოთხი კვირის განმავლობაში დღიურად 2 615 მილიონი ბარელი შეადგინა. მართალია, რუსული „ტრანსნეფტი“ იუწყება, რომ გასული წლის დეკემბერში შავი და წყნარი ოკეანის ზღვების პორტებიდან ნავთობის ტრანზიტს უამინდობამ შეუშალა ხელი, რის გამოც, მაგალითად, კოზმინოს პორტში დატვირთვა 11 დღით გადაიდო, მაგრამ Bloomberg მიზეზად უფრო ტანკერების შესაძლო დეფიციტს ასახელებს, რომელიც რუსული ნედლეულის საზღვაო მიწოდებებზე ევროკავშირის ემბარგოს შემდეგ გაჩნდა.
სააგენტოს მონაცემებით, ბულგარეთში მცირე ექსპორტის გარდა, ევროკავშირში რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდება მთლიანად შეჩერებულია. ემბარგოს გამო რუსეთიდან ნედლეულის ტრანსპორტირებას უფრო მეტი დრო სჭირდება. კერძოდ, ბალტიის პორტებიდან ინდოეთში ტრანზიტს, საშუალოდ, 31 დღე სჭირდება, მაშინ, როცა, მაგალითად, როტერდამში ტრანსპორტირებისთვის სულ 7 დღე იყო საჭირო. ამდენად, ეს კიდევ უფრო აფერხებს იმ გემების ხელმისაწვდომობას, რომელთა მფლობელებიც რუსული ენერგომატარებლების გადასაზიდად მზად არიან.
წყარო: bpn.ge