რუსეთიდან გაზის სატრანსპორტო კონტეინერების უმსხვილესი მწარმოებელი გადის

გაზის საზღვაო-სატრანსპორტო კონტეინერების ლიდერმა მწარმოებელმა, ფრანგულმა საინჟინრო კომპანია Gaztransport & Technigaz-მა (GTT) რუსეთში მუშაობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ევროპული სანქციების მერვე და მეცხრე პაკეტების სიღრმისეული ანალიზის შემდეგ, რომელიც რუსული კომპანიების საინჟინრო მომსახურებას კრძალავს, ჯგუფი რუსეთში თავის საქმიანობას წყვეტს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ 8 იანვარს GTT შეწყვეტს ხელშეკრულებას გემთმშენებელ კომპლექს „ზვეზდასთან,“ რომელიც გაზის გადამზიდავი15 ყინულმჭრელი გემისთვის კონტეინერების დიზაინს შეეხებოდა და კომპანიის მონაწილეობა მხოლოდ ორი გემის ჩაბარებით შემოიფარგლება. კერძოდ, თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) ტრანსპორტირების ორი ყველაზე მოწინავე გემის მუშაობაში GTT-ის მონაწილეობა „პროექტების უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სრულყოფის უზრუნველყოფით შემოიფარგლება, რაც საერთაშორისო სანქციების შესაბამისად მოხდება.“

GTT გაზის საზღვაო კონტეინერების მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელია. Financial Time-ის შეფასებით, კომპანია მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც LNG-კონტეინერებს აწარმოებს. ეს კონტეინერები 163°C ტემპერატურაზე საწვავის დიდი მოცულობით შენახვის საშუალებას იძლევა. გაზეთი წერს, რომ კომპანიის რუსეთიდან გასვლამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას რუსული გაზის პროექტებს არქტიკაში, რის შედეგადაც გაზის ტანკერები აუცილებელი კომპონენტის გარეშე დარჩებიან.

„თუ ეს გემები GTT-ის მხრიდან სანქციების ქვეშ მოექცევიან, მსოფლიოში ვერ მოიძებნება გემთმშენებელი ქარხანა, რომელიც ამ ალტერნატივის უზრუნველყოფას შეძლებს,“ – განუცხადა Financial Time-ს გაზის გლობალური სეგმენტის, Lloyd’s Register-ის მენეჯერმა, პანაიოტის მიტროუმ.

რუსეთის არქტიკულ პროექტებში შედის ციმბირის „იამალ LNG,“ რომელიც 2020 წელს თხევადი ბუნებრივი აირის გლობალური ექსპორტის 5%-ს შეადგენდა, ასევე, 23 მლრდ დოლარის „არკტიკ LNG 2,“ რომელმაც ნედლეულის ექსპორტი წელს უნდა დაიწყოს და დალნივოსტოკის ნავთობისა და გაზის პროექტი, „სახალინ-2.“

წყარო: bpn.ge

Leave a Reply