ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ დღეს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია.
„ეს არ არის მხოლოდ ელექტროენერგიით მომარაგება, ეს არის მათ შორის გაზით, ნავთობპროდუქტებით და ა.შ. ეს პროექტი, პირველ რიგში, ჩვენთვის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს ენერგეტიკის, ენერგოსისტემის დაკავშირება მოხდება ევროპის ბაზართან“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპის ბაზართან დაახლოების მიზნით საქართველომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
„ჩვენ ვართ ენერგოგაერთიანების შეთანხმების წევრი. ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული პროექტი, რომლის შედეგადაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორი გახდება უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის. მათთვის საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირება პროგნოზირებადი გახდება. პირდაპირ შეძლებენ წარმოებული ენერგიის ევროპულ ბაზარზე გატანას.
ამასთან, საქართველოს განახლებადი ენერგიისა და მწვანე ენერგიის წარმოების კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია, რის გამოც, ჩვენ ამ პროექტის ინიცირება მოვახდინეთ.
რაც შეეხება იმას, რომ საქართველო სატრანზიტო ფუნქციას შესრულებს, ეს უკვე არის დამატებითი სიკეთე. საქართველო არის მთავარი ქვეყანა რუმინეთთან ერთად. ამ პროექტის ინიცირება დავიწყეთ ორი წლის წინ. დღეს ეს პროექტი გააქტიურდა, იმიტომ, რომ ევროპას დაუდგა ენერგოსაჭიროება.
აქ არანაირ კონსპირაციებზე არ გვინდა საუბარი. საქართველოს ხელისუფლებას აქვს იმხელა პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომ ჩვენ უპასუხისმგებლო ნაბიჯებს არ ვდგამთ და არ გადავდგამთ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.