მერია სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს

ტოკიოში თითქმის ყველა საცხოვრებელზე მზის პანელების განთავსება სავალდებულო ხდება

იაპონიის დედაქალაქის ადგილობრივი ასამბლეის მიერ მიღებული რეგულაცია, ორმოცდაათ მსხვილ სამშენებლო ფირმას, 2,000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის სახლების განახლებადი ენერგიის პანელებით აღჭურვას ავალდებულებს. უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ახალი წესი ქალაქს მწვანე ენერგიაზე გადასვლაში დაეხმარება.

„გარდა არსებული გლობალური კლიმატური კრიზისისა, ჩვენ რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებული ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის წინაშეც ვდგავართ. შესაბამისად დასაკარგი დრო არ გვაქვს“, განაცხადა ადგილობრივი ასამბლეის წევრმა რისაკო ნარიკიომ.

ტოკიო მსოფლიოს უდიდესი ქალაქია. ყოველწლიურად, მის თითო მაცხოვრებელზე, საშუალოდ 8.6 ტონა CO2 მოდის. IPCC-ის რჩევით, დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევისთვის, თითოეული პირის მიერ გამოყოფილი ემისიები 2.3 ტონა ნახშირორჟანგს არ უნდა აღემატებოდეს.

ტოკიო იმედოვნებს, რომ უახლოეს ათწლეულებში მნიშვნელოვნად შეამცირებს ემისიების კვალს. ადგილობრივი ხელისუფლება 2030 წლისთვის, 2000 წელთან შედარებით, სათბურის აირების ემისიების განახევრებას, 2050 წლისთვის კი ემისიების ნულოვანი ნიშნულის მიღწევას ისახავს მიზნად.

მიუხედავად ამისა, განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით, ტოკიოს შედეგები არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია. ქალაქში, ამ ეტაპზე, შენობების მხოლოდ 4%-ზეა განთავსებული მზის პანელები, რაც დიდი ალბათობით, ახალი წესის დანერგვასთან ერთად შეიცვლება.

შენობებზე მზის პანელების სავალდებულო განთავსება მომხმარებლების ხარჯებსაც შეამცირებს. 4-კილოვატიანი პანელების დამონტაჟების ხარჯი დაახლოებით 980,000 იენს (6,725 ევრო) უდრის, თუმცა მთავრობის შეფასებით, ეს თანხა, მომავალი 10 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის გაყიდვების შემოსავლიდან დაიფარება. 

წყარო: forbes.ge

Leave a Reply