2016 წლის 14 ოქტომბერს საქართველო გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, შექმნას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული სექტორი, განავითაროს კონკურენტული ბაზარი, გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი და ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარებასა და ენერგოეფექტურობას.
ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით საქართველო ახორციელებს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, ენერგეტიკის სტატისტიკის შესახებ. ერთ-ერთი ზემოთ აღნიშნული რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წელს განახორციელა შინამეურნეობების სექტორში ენერგორესურსების მოხმარების სტატისტიკური გამოკვლევა, რომლის შედეგად მიღებული ინფორმაცია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ განისაზღვროს შინამეურნეობებში ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურა. პირველი გამოკვლევა ჩატარდა 2017 წელს.
გამოკვლევის შედეგები ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სტატისტიკის მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების შესაბამის მონაცემებთან შესადარისობას.
სრულყოფილი და დეტალური მონაცემები შინამეურნეობებში ენერგორესურსების საბოლოო მოხმარების შესახებ, წარმოადგენს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის ინდიკატორების გაანგარიშების საფუძველს, რაც აუცილებელია ენერგეტიკის სექტორში არსებული ტენდენციების ანალიზის თვალსაზრისით. გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაცია მეტად მნიშვნელოვანია ენერგეტიკული მდგომარეობის მონიტორინგის თვალსაზრისით როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო დონეზე და დაკავშირებულია გლობალური პოლიტიკის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და ენერგეტიკული უსაფრთხოება.
პუბლიკაცია ეფუძნება 2022 წელს საქსტატის მიერ, შინამეურნეობების სექტორში ჩატარებული ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევის შედეგებს. საქმიანი შენიშვნები და წინადადებები ანგარიშის ფორმატისა და შინაარსის შესახებ მადლიერებით იქნება აღქმული ავტორთა ჯგუფის მიერ.
პუბლიკაციის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://www.geostat.ge/media/50615/Energy-Consumption-in-Households_Georgia.pdf?fbclid=IwAR27LP0c2REmVP211vJspclPnkfA5b2Yeo819d_EKV-2VuHn2UhBb2WYzhc