საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მდინარე სუფსაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის DN500 მმ განშტოების გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად, მდინარე სუფსაზე, ნაპირსამაგრი სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა, რაც 800 მეტრი სიგრძის ახალი კალაპოტის მოწყობას გულისხმობდა.
აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ოქტომბერში მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 34-ე კილომეტრზე, სოფელ ძიმითთან, ნაპირი მორეცხა, მილსადენის 130 მეტრიანი სექცია წყალში მოაქცია და მის სრულყოფილ ფუნქციონირებას სერიოზული პრობლემა შეექმნა.
აღსანიშნავია, რომ ქობულეთის DN500 მმ განშტოებით, ამ დროისთვის, ბუნებრივი აირით მარაგდება გურიის რეგიონის ნაწილი და აჭარის რეგიონი სრულად. შესაბამისად, მისი გამართულად მუშაობა, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ვინაიდან ამ რეგიონებისთვის გაზის მიწოდების ალტერნატიული წყარო არ არსებობს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელობით, ასევე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ადგილზე აღდგენითი და გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა. ამისთვის, სუფსაზე, 800 მეტრი სიგრძის ახალი კალაპოტი მოეწყო.
პარალელურად, კორპორაციის საპროექტო სამსახურის მიერ ტარდებოდა ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევები, შესრულდა აზომვითი სამუშაოები და დამუშავდა მონაცემები. ამჟამად, ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი მზადდება, რის შემდეგაც მილსადენი კალაპოტიდან ნაპირზე გადაინაცვლებს და ქვაყრილის მშენებლობა დაიწყება, რაც, სამომავლოდ, გაზსადენს დაზიანებისგან დაიცავს და მას გამართულად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს.
მშენებლობის დასრულება გაზაფხულზე იგეგმება.

Leave a Reply