ირანისთვის სანქციების მოხსნამ მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. Brent–ის მარკის ნავთობის ღირებულება ბარელზე 28 დოლარს ჩამოსცდა და ვაჭრობის მიმდინარეობისას 27,72 დოლარზე დაფიქსირდა.
„ირანის მიერ ნავთობის დამატებითი მიწოდებები გავლენას ახდენს ფასების მომდევნო შემცირებაზე, შესაძლოა ბარელი ნავთობის ფასები 25 დოლარამდე შემცირდეს,“ – განუცხადა „ბმულმბერგს“ ჰონგკონგის Nomura Holdings Inc.–ის ანალიტიკოსმა გორდონ კვანმა.
ირანისთვის სანქციების მოხსნამ საუდის არაბეთის ბირჟის ინდექსის დაცემაც გამოიწვია. კვირას, 17 იანვარს საუდის არაბეთის საფონდო ბირჟის Tadawul–ის ინდექსი მკვეთრად შემცირდა. საიტ investing.com–ის მონაცემებით, Tadawul All-Share Index (TASI)–მა ვაჭრობის გახსნისთანავე თითქმის 300 პუნქტი, ანუ 7,5% დაკარგა და 5400 პუნქტზე დაფიქსირდა.
საუდის არაბეთის ბირჟა Tadawul–ი არაბეთის ქვეყნების უმსხვილესი სავაჭრო მოედანია და მისი კაპიტალიზაცია, AFP–ის მონაცემებით, დაახლოებით 31 მილიარდი დოლარია. სანქციების მოხსნის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ირანი აპირებს 114 თვითმფრინავი შეიძინოს ევროპული აეროკოსმოსური კონცერნ Airbus–ისგან.
მოქმედ ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით ბოლო 10 წლის განმავლობაში ირანის სამოქალაქო ავიაპარკი მნიშვნელოვნად დაზარალდა. ბევრი თვითმფრინავი სათადარიგო ნაწილების არარსებობის გამო არ დაფრინავდა. კომერციული ავიამიმოსვლის მოდერნიზაცია ირანის ხელისუფლების ერთერთი პრიორიტეტია.
მთლიანობაში ირანი გეგმავს 400–მდე ახალი თვითმფრინავის შეძენას უახლოეს 10 წელიწადში. კონტრაქტის თანახმად, Airbus–ის პირველი თვითმფრინავები ირანში 20 მარტამდე უნდა ჩავიდეს.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნის შესახებ 17 იანვარს განაცხადეს. სანქციების მოხსნა განხორციელდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, რომელმაც დაადასტურა, რომ ირანი სრულად ასრულებს „ექვსეულის“ შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს.
აშშ–ის იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ირანს მხოლოდ მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციები მოეხსნა, მანამდე ამოქმედებული შეზღუდვების დიდი ნაწილი კი ისევ ძალაში რჩება. მათ შორისაა ირანისთვის იარაღის მიყიდვა.
სანქციების მოხსნის შედეგად, ირანი შეძლებს მიიღოს წვდომა მის დაყადაღებულ აქტივებზე, რომელთა მოცულობაც 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს, და გაზარდოს ნავთობის ექსპორტი. სანქციების მოხსნის შემდეგ თანდათანობით აღდგება ფინანსური ტრანზაქციები ირანულ ორგანიზაციებთან და ბანკებთან.
წყარო: კომერსანტი