გაზგასამართი სადგურები მძღოლებს ყვლეფენ

თხევად გაზზე მომუშავე ავტომობილების ერთი ნაწილი ტექინსპექტირებას ვერ გადის

საქართველოში „ჰიუნდაის“ და „კიას“ გარკვეული მოდელის ავტომობილები ტექინსპექტირებას ვერ გადიან. მიმდინარე წლის  1-ელი იანვრიდან თხევადი აირის სისტემის მქონე ავტომობილები ტექდათვალიერება სავალდებულოა, ხოლო კუსტარულად ჩამონტაჟებული ავზების შემთხვევაში ითვლება, რომ ექსპლუატაციის ვადა 10 წელია. თუმცა, რეგულაცია იმ ავტომობილებზეც ვრცელდება, რომლის ქარხნულად დამონტაჟებულ ავზებზეც ექსპლუატაციის ვადა მითითებული არ არის. ავტომფლობელები პრობლემებზე ალაპარაკდნენ და როგორც ამბობენ მანქანით ვეღარ გადაადგილდებიან, რადგან ჯარიმები ეწერებათ. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია რა არის ამ სიტუაციაში გამოსავალი, რომ არც  პროცესი შეფერხდეს და არც მფლობელები დაზარალდნენ.

არსებული კანონის ფარგლებში, თუ მანქანას ტექნიკური ისნპექტირება არ ექნება გავლილი ფულადი ჯარიმით დაჯარიმდება. შედეგად, ათასობით მძღოლია, რომლებსაც გადაადგილება ეზღუდებათ. პრობლემის შესახებ სწორედ ასეთი ავტომობილის მფლობელმა თათა დონაძემ ისაუბრა და დაადასტურა, რომ გაურკვევლობის წინაშე არაერთი მათგანი აღმოჩნდა.

„დღეს ტექინსპექტირების ცენტრები უარს აცხადებენ მსგავსი ტიპის საწვავის სისტემების დათვალიერებაზე, იმ არგუმენტით, რომ კანონის თანახმად უკვე ამოწურეს ექსპლუატაციის ვადა და ყოველ მომდევნო წელს ასე გაგრძელდება. ავტომფლობელთა ლეგიტიმურ შეკითხვაზე, რატომ, რის საფუძველზე არ ატარებთ ინსპექტირებას, პასუხია – ეს უკვე ვადაგასული ბალონია. არსად, არც მწარმოებელ ქვეყანაში, არც თვითონ საწვავის რეზერვუარზე, არც საქართველოს კანონში არ არის ჩანაწერი, რომ ამ ბალონების ექსპლუატაცია შემოიფარგლება 10 წლით,” – აცხადებს თათა დონაძე „კომერსანტთან“.

გარკვეული სამანქანო მოდელების ტექინსპექტირების პრობლემას გამოეხმაურა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. როგორც ისინი ამბობენ, რეგლამენტში ცვლილების გარეშე, შეუძლებელია სერტიფიკატის გაცემა.

„ტექნიკურ რეგლამენტებში ცვლილების განხორციელების გარეშე არ არის შესაძლებელი აირბალონის ექსპლუატაციაში დაშვების მაქსიმალური ვადის გასვლის შემდეგ, აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა, რომელიც უნდა მოიცავდეს დადებით დასკვნას. ამდენად, ხსენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ვერ დაიშვებიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე.

ამასთან, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საკანონმდებლო რეგულირების მიღმა დატოვებამ, შესაძლოა, ვერ უზრუნველყოს საავტომობილო მიმოსვლისას მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის უსაფრთხოება”, – აღნიშნულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებაში.

ფაქტია, რომ  ავტომობილებისთვის ტექნიკური შემოწმება აუცილებელია, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა საკუთარი მანქანებით გადაადგილება შეძლონ და ის პრობლემა, რის წინაშეც დგანან გამოსწორდეს. როგორც შპს “აირბალონის” ხელმძღვანელმა ნოდარ რამიშვილმა აღნიშნა, თუ რომელიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება ინსპექტირებასთან დაკავშირდებით პრობლემა ექმნება და ეს ექსპლუატაციის ვადას უკავშირდება, აუცილებელია ავზის გამოცვლა, რაც პრობლემას აბსოლუტურად გამოასწორებს.

“იმ შემთხვევაში, თუკი თხევადი აირის სისტემის მქონე ავტომობილები სავალდებულო ტექინსპექტირების გავლას ვერ შეძლებენ მათ უნდა შეცვალონ მხოლოდ ბალონი და მეტი არაფერი. არ აქვს მნიშვნელოვნად ეს ქარხნულად თუ კუსტარულად დამონტაჟებული იქნება. ბალონს, თხევად გაზზე ექსპულატაციისას ვადად უწერია 10 წელი. იცვლება მხოლოდ ავზი, მილი, აპარატურა და სხვა ნაწილები კი, იგივენაირად დარჩება.

ეს, რა თქმა უნდა, გამოასწორებს ტექინსპექტირების პრობლემას. ზოგადად აირბალონის შეცვლით, თვითონ ავტომფლობელებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულნი. თხევად გაზს მოყვება კონდენსატიც, რაც ნავთობის გადამუშავების შედეგად მიიღება, ასევე აქვს წყლის წვეთები, რომლებიც  ფსკერზე ჯდება და დროთა განმავლობაში ავზს წყალი ჟანგავს და შემდეგ უკვე იხვრიტება. ამიტომაც, მხოლოდ ბალონის შეცვლა მდგომარეობას გამოასწორებს“, – აღნიშნა რამიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. როგორც, ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი ამბობს, იმ  შემთხვევაში, თუკი ავტომობილი მუშაობს გათხევადებულ აირზე, ხოლო ავზი ქარხნულად არის დამონტაჟებული, ამ დროს არ ვრცელდება ეს 10-წლიანი მოთხოვნა.

„ქარხანა ავზების დამამზადებელი ექსპულატაციის ვადას თავად ადგენს, რამდენი ხნით შეიძლება მისი გამოყენება და იმავდროულად დადგენილია, რა პერიოდულობით არის შესაძლებელი არსებულ ავზებზე ტექინსპექტირების ჩატარება.

ტექნიკურ რეგლამენტში მოთხოვნები არის გაწერილი, სადაც მოცემულია რა პერიოდულობით არის შესაძლებელი, რა წნევაზე უნდა იყოს შემოწმებული და რა მოთხოვნებია ავზების მიმართ დადგენილი.

თუკი ავტომობილი მუშაობს გათხევადებულ აირზე, ხოლო ავზი ქარხნულად არის დამონტაჟებული, ამ დროს არ ვრცელდება 10-წლიანი მოთხოვნა. ტექნიკური ინსპექტირების დროს მათთვის მხოლოდ სისტემა მოწმდება, რაც პრობლემას არ წარმოადგენს.

თუ ტექინსპექტირების ცენტრმა იდენტიფიცირება ვერ შეძლო ავზი ქარხნულად არის დამონტაჟებული თუ კუსტარულად, ავტომობილის მფლობელი უნდა მივიდეს კონკრეტული მწარმოებლის წარმომადგენლობასთან და იქიდან მიიტანოს ცნობა, სადაც იქნება წარწერა, რომ მაგალითად კონკრეტული „ვინ კოდის“ მქონე ავტომობილს ქარხნულად ჰქონდა დამონტაჟებული გათხევადებული აირის ბალონი, რაც საბოლოოდ უკვე მოაგვარებს პრობლემას“, – აღნიშნა შიოლაშვილმა „რეზონანსთან საუბრისას.

წყარო: resonancedaily.com

Leave a Reply