კანადაში, ბიომრავალფეროვნების შესახებ გაეროს სამიტის (COP15) მონაწილეები სახეობების გადაშენების პრევენციის მიზნით, პლანეტის სულ მცირე 1/3-ის დაცვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებები 4 წელიწადზე დიდხანს გრძელდებოდა. სამიტში 200 ქვეყანა მონაწილეობდა, თუმცა მათ შორის არ ყოფილან აშშ და ვატიკანი. სპეციალისტები შეთანხმებას „ისტორიულს“ უწოდებენ. დოკუმენტი დადებითად შეაფასა ველური ბუნების მსოფლიო ფონდმა (WWF), რომელშიც პროექტს „მოულოდნელად იმედისმომცემი“ უწოდეს.
სამიტის რეზოლუციაში დასახულია 23 მიზანი, რომლებსაც კაცობრიობამ 2030 წლისთვის უნდა მიაღწიოს. ამისთვის მდიდარმა ქვეყნებმა ღარიბ სახელმწიფოებს ეკოსისტემების დაცვისთვის 20 მილიარდ დოლარამდე უნდა გამოუყონ.
ხელშეკრულება ითვალისწინებს სერიოზულ ცვლილებებს სოფლის მეურნეობის სფეროსა და მიწოდებების ჯაჭვში. ამასთან, იგეგმება გარემოში მოხვედრილი პესტიციდების 2/3-ით შემცირება და პლასტიკის ნარჩენების ლიკვიდაცია. 50%-ით უნდა შემცირდეს უცხო სახეობების გავრცელების ტემპები მათთვის უჩვეულო ტერიტორიებზე.
შეთანხმება გარემოს შესახებ გაეროს პროგრამით არის განპირობებული – სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ პლანეტაზე დინოზავრების შემდეგ ყველაზე მასობრივი გადაშენების პერიოდი მიმდინარეობს. კაცობრიობა 1,6-ჯერ სწრაფად მოიხმარს რესურსებს, ვიდრე ბუნება მათ აღდგენას ასწრებს. ამის გამო, ფლორისა და ფაუნის 8 მილიონი სახეობიდან დაახლოებით მილიონი სრული გადაშენების ზღვარზეა.
ამასთან, პროგრამის მონაცემებით, ეკოლოგიას პირდაპირი გავლენა აქვს ეკონომიკაზე. ბუნების დაცვაში ინვესტირებულ თითოეულ დოლარს კი ეკონომიკური მოგების სახით 30 დოლარი მოაქვს.