შავი ზღვაში კაბელი 3 წელიწადში ჩაიდება, მისი გამტარუნარიანობა ,,ენგურჰესის” სიმძლავრეს გაუტოლდება

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის კვლევას დაახლოებით 5-6 თვე დასჭირდება, ხოლო საბოლოოდ მისი გამართვა 3-4 წელიწადში დასრულდება. ენერგეტიკოსების გათვლით, წყალქვეშა კაბელის გამტარუნარიანობა 1000 მეგავატია, რითაც ,,ენგურჰესის” სიმძლავრეს უტოლდება.

ქვეყნისთვის მთავარი  სარგებელი ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობაა, თუმცა ტრანზიტიდან რა დარჩება საქართველოს და რა ფინანსურ მოგებას ნახავს ქვეყანა, ჯერ საუბარი ნაადრევია, სანამ ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება.

ფაქტია, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული ობიექტების განვითარებაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო. მთავრობა აცნობიერებს, რომ  ენერგეტიკის დარგის ხელშეწყობის გარეშე ეკონომიკისთვის სარგებელი ყოველთვის ნაკლებია, ტრანზიტიდან თუ სხვა არხებით რა შემოსავალიც არ უნდა მივიღოთ. პოტენციალი ამ მხრივ ძალიან დიდია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებში ეს ჩანს კიდევაც, სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება ,,ხუდონჰესის“ პროექტის გამოსყიდვა, ,,ნენსკრაჰესის“ ინვესტორისთვის ოთხთვიანი ვადა დაწესება და სხვა აქტიური ნაბიჯები, რომელიც  სხვა ენერგეტიკული ობიექტების შენებას ითვალისწინებს.

როგორც ჩანს, ევროპაში ჯერ არ ელოდებიან ომის დამთავრებას და სიტუაციის შემსუბუქებას, ამიტომ იჭერენ თადარიგს სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, საქართველოშიც.

შავი ზღვის ფსკერზე კაბელის მშენებლობა იგი უპრეცენდენტოა და დიდ სარგებელს იძლევა საქართველოსთვის, განსაკუთრებით ექსპორტის კუთხით. როგორც ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ,,რეზონანსთან” აღნიშნა, ამ პროექტით ქვეყანა ევროპის ელექტრონული სისტემის ნაწილი ხდება.

,,შავი ზღვის კაბელის მშენებლობის დაწყება 2027 წელს იგეგმებოდა. ეს ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ევროკავშირი ჩაერეოდა პროცესში. ვფიქრობ, 5-6 თვეში დამთავრდება კვლევები, აპრილ-მაისში და მერე მშენებლობის პროცესი დაიწყება. თუკი რაიმე მიზეზით არ შეფერხდება, 3 წელიწადში დასრულდება მშენებლობა. საუბარია მხოლოდ კაბელზე და არა მთელ სისტემაზე.

რაც შეეხება გამტარუნარიანობას, 1000 მგვტ-ს შეადგენს, რაც არის დაახლოებით ,,ენგურჰესის” ტოლი სიმძლავრე, ანუ რასაც ენგური გამოიმუშავებს. კაბელის მთავარი არსია არა ტრანზიტი, არამედ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტი და რეალიზება ევროპაში. ეს არის მთავარი მიზანი ტრანზიტთან ერთად, რომლის საფასური ნამდვილად არ ვიცი, ვინაიდან ხელშეკრულება მხარეებს შორის ჯერ ხელმოწერილი არ არის და პირობები დაუზუსტებელია.

წელს 850 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია  გაიყიდა თურქეთში და ავიღეთ 84 მილიონი დოლარი, ევროპაში გაყიდვით ავიღებდით 3-ჯერ მეტს, ვინაიდან იქ გაცილებით ძვირია ტარიფი. მთლიანობაში, პროექტის სარგებელი დიდია – ტრანზიტში ავიღებთ ფულს (ოდენობა ჯერჯერობით გაურკვეველია), მზისა და ქარის ელექტროსადგურების  მიერ გამომუშავებულ დენს გავყიდით ევროპაში და საბოლოოდ  ევროპის ელექტრონული სისტემის ნაწილი გავხდებით”, – განაცხადა არაბიძემ ,,რეზონანსთან”.

სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების პრობლემის პრაქტიკულად მოხსნის საფუძველი გახდება. ასე ფიქრობს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი, რომლის თქმითაც, პროექტი ბოლო ათწლეულების ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რაც კი საქართველოსთვის გაკეთებულა.

,,შორს არ არის დრო, როცა შევძლებთ განახლებადი რესურსების მაქსიმალურად ათვისებას და ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას. ევროგაერთიანების ენერგეტიკული ბაზრის სახით, ფაქტობრივად, გარანტირებული მყიდველი გველის. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა  ევროპაში მწვანე ენერგიაზე მზარდი მოთხოვნაა. შავი ზღვის კაბელის პროექტი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ პერსპექტივაში მას ექნება ასევე სატრანზიტო ფუნქციაც და რეგიონიდან ევროგაერთიანებასთან ენერგორესურსის გაცვლაში მიიღებს მონაწილეობას. ცხადია, აქაც დიდია საქართველოს სარგებელი. ამასთან, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების პრობლემის პრაქტიკულად მოხსნის საფუძველი გახდება“, – განაცხადა აბრამიშვილმა.

სპეციალისტები შიშობენ, რომ შესაძლოა, პროექტისგან უფრო მეტი სარგებელი საქართველოს ნაცვლად, მეზობელმა ქვეყნებმა მიიღონ, თუკი ამ გამოწვევას საქართველო მოუმზადებელი დახვდება. ლოგისტიკური კომპანია “ისთ გეით გრუპის” დამფუძნებელი ირაკლი იაშვილი საქართველოს მიერ შავი ზღვის ელექტროკაბელის მშენებლობის პროექტს საგანგებოდ გამოეხმაურა.

,,რამდენიმე წლის წინ ვცადე ამ საკითხზე ევროპელ ბიუროკრატებთან საუბარი. მითხრეს, რომ საკითხი არ იყო აქტუალური ევროპაში ელექტროენერგიის ჭარბი წარმოების გამო და იმ მომენტისთვის ეს თემა დაიხურა. ჭარბი წარმოება იქმნებოდა რუსული, არაბული, აფრიკული, აზერბაიჯანული და ა.შ. ბუნებრივი აირის გამო. შესაბამისად, მათთვის მისაღები იყო მომწოდებელ ქვეყნებში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხიც.

ახლა კონიუნქტურა შეიცვალა და გასაგები მიზეზების გამო თავად ევრობიუროკრატები დაჩქარებულად გვთხოვენ კაბელის ჩადებას! ეს პროექტი თავის მნიშვნელობით და ქვეყნისთვის მოსალოდნელი შესაძლო შემოსავლებით აღემატება ნავთობსადენის ცნობილ პროექტს! აქვე ვიტყვი, რომ თუ ამ კაბელს საკუთარი ენერგიის წარმოება არ დავახვედრეთ და არ შევცვალეთ მიდგომა ენერგოობიექტების მშენებლობის მიმართ, მაშინ სარგებელს მიიღებენ მეზობლები და არა ჩვენ, და ხელიდან გავუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას! ამ პროექტით მიღებული სარგებელი შეეხება უკლებლივ ყველა მოქალაქეს იმიტომ, რომ ექსპორტიდან მიღებულ ფულს აქვს მულტიპლიკაციის ეფექტი!

რაც შეეხება ამ პროექტის პოლიტიკურ ნაწილს, ჩემი აზრი ასეთია: ევროპელი ბიუროკრატები არიან სრულიად პრაგმატული ხალხი, პირველ ადგილას მათთვის არის მათი საჭიროებები, განსაკუთრებით გათბობის და განათების მიმართულებით და მათი დამოკიდებულება და გადაჭარბებული ჩაკირკიტება ჩვენთან “დემოკრატიის” ხარისხში აუცილებლად შეიცვლება! ამას ყველა ვნახავთ მალე. მათ დავჭირდით და იმიტომ და არა პირიქით, როგორც აქამდე იყო! ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე სხვა გზა უნდა ავირჩიოთ ქვეყნის განვითარებისთვის!”- დაწერა ირაკლი იაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ახალი ენერგეტიკული კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 2.3 მილიარდი ევროა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.

წყარო: resonancedaily.com

Leave a Reply