რუსეთში, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ხანძარია

რუსეთში, ჩუვაშიაში, ვურნარსკის რაიონის სოფელ კულჰირისა და კალინინოს შორის, აფეთქების გამო გაზსადენს ცეცხლი გაუჩნდა,– იტყობინება Idel.Реалии.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS საგანგებო სიტუაციების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა.

„ყველა მათგანი გაზსადენზე მუშაობდა“, – განაცხადა წყარომ.

უწყებაში აცხადებენ, რომ გაზსადენის მონაკვეთი გადაკეტილია.

მაგისტრალური გაზსადენი ურენგოი – პომარი – უჟგოროდი, სადაც აფეთქება მოხდა, არის რუსული საექსპორტო გაზსადენი, რომელიც გაზს უკრაინაში ატარებს. იგი აშენდა 1980-იანი წლების დასაწყისში, გაზი ტრანსპორტირდება დასავლეთ ციმბირიდან ევროპაში. გაზსადენი კვეთს რუსეთ-უკრაინის საზღვარს კურსკის რეგიონში. ის რჩება ერთადერთ პუნქტად რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, საიდანაც გაზის ტრანზიტი ჯერ კიდევ ხორციელდება.

საგანგებო სიტუაციების სამინისტრო წერს, რომ ხანძრის მიზეზი გაჟონვა გახდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე გაზის გაჟონვა ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

“დადგინდა, რომ გაჟონვა მოხდა გეგმიური სარემონტო სამუშაოების დროს მთავარი მიწისქვეშა გაზსადენის ურენგოი – პომარი – უჟგოროდი 1420 მმ დიამეტრის მონაკვეთზე”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ხანძარი დაახლოებით შუაღამისას გაჩნდა. კალინინის სკოლიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა. მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები წერენ, რომ ხანძრის მიდამოში ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ ხალხი სახლებს ვერ უახლოვდება.

19 დეკემბერს ღამით, ირკუტსკის ოლქში, მარკოვსკოეს გაზის საბადოზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. დაშავდა შვიდი ადამიანი.

Leave a Reply