NATO–ში აცხადებენ, რომ მიესალმებიან საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ “აქცენტს” ალიანსში განუცხადეს.
“ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. ეს მოიცავს სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებას”, განუცხადეს “აქცენტს” NATO–ში.
როგორც ალიანსში აღნიშნავენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ენერგეტიკული ბერკეტი სუსტდება.
“ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ევროპელები დამოკიდებულნი იყვნენ რუსულ ნავთობსა და გაზზე. რუსეთმა ენერგია იარაღად გამოიყენა და ცდილობდა, გამოეყენებინა ის ჩვენი შანტაჟის მიზნით და ხელი შეეშალა ჩვენთვის, გაგვეწია უკრაინისთვის მხარდაჭერა, თუმცა პრეზიდენტ პუტინს ეს მცდელობა არ გამოუვიდა. მოკავშირეები იღებენ შესანიშნავ ზომებს ენერგიის მოხმარების შესამცირებლად და ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის. ევროპაში გაზის საცავები სავსეა. მოკავშირეები დებენ კონტრაქტებს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების, ბირთვული რეაქტორების სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების განახლების შესახებ. რუსეთი ამჟამად ევროპას გაზის 10 –ზე ნაკლებს აწვდის იმ 45 %–თან შედარებით, რასაც ომამდე აწვდიდა. ეს წარმოადგენს ბუფერს რუსული მიწოდების შემდგომი შეწყვეტის ან სხვა შოკის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ G7 ასევე დათანხმდა, შეზღუდოს რუსული ნავთობის ფასი, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს შემოსავალს, რომელიც აფინანსებს კრემლის ომს და ნატო–ს ქვეყნები გააგრძელებენ ინვესტიციებს სტაბილურ და საიმედო ენერგომომარაგებაში, მიმწოდებლებში და წყაროებში. ასე რომ, პრეზიდენტ პუტინის ენერგეტიკული ბერკეტი სუსტდება”, – განუცხადეს “აქცენტს” NATO–ში.
ამასთან, ალიანსი აღნიშნავს, რომ მზად არის, მეტი გააკეთოს საქართველოს მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად:
“NATO–ს პარტნიორობა საქართველოსთან მყარია. ნოემბრის ბოლოს ბუქარესტში NATO–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ. ეს სამი ქვეყანა რუსეთის ზეწოლის წინაშე დგას და ნატო მზადაა, მეტი გააკეთოს მათი მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა “ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის” საფუძველზე, მათ შორის სიტუატიური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში, ასევე დავეხმარებით საქართველოს საკუთარი კიბერ შესაძლებლობების განვითარებაში და საქართველოში NATO–ს სამეკავშირეო ოფისის დამატებითი პერსონალის უზრუნველყოფით”.