რუსეთიდან გაზის იმპორტიორი ქართული კომპანია ,,გაზპრომსა“ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის დაწყებული მოლაპარაკებების თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული მოლაპარაკებების ირგვლივ წარმოქმნილმა აჟიოტაჟმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათი და სხვა კერძო კომპანიების საქმიანობის სტაბილურობასა და საიმედოობას ბუნებრივი აირის მოწოდების თვალსაზრისით.
„ჯეოტრანსგაზის“ განცხადებით, მას საქართველოში „გაზპრომის“ გაზი 2015 წლიდან შემოაქვს. „შპს „ჯეოტრანსგაზს“ გაფორმებული აქვს პირდაპირი კონტრაქტი შპს „გაზპრომექსპორტთან“ და 2015 წლიდან აწარმოებს ბუნებრივი აირის იმპორტს რუსეთის ფედერაციიდან, რაც წარმოადგენს სუფთა კომერციულ ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის.
გასულ დღეებში მედია-საშუალებებში ბატონებმა ზურაბ ტყემალაძემ და დავით მირცხულავამ გააჟღერეს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად ვაკეთებთ აღნიშნულ განცხადებას:
“ჩვენი კომპანია, როგორც კერძო კომერციული სტრუქტურა – თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისგან, მზად არის, გაზარდოს ბუნებრივი აირის იმპორტი რუსეთიდან საკუთარი ობიექტებისთვის და სხვა კომერციული მომხმარებლებისთვის, რითაც საჭიროების შემთხვევაში, აღმოიფხვრება საქართველოს ბაზარზე არსებული დეფიციტი,” აცხადებენ კომპანიაში.
წყარო: კომერსანტი