სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

ელ.ენერგიის მოხმარებასთან ერთად, რეკორდულად გაიზარდა ექსპორტით მიღებული თანხაც

2022 წლის 10 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 11.8ტვტ.სთ შეადგინა. ამის გარდა, ელქტროენერგიის ექსპორტიც გაიზარდა 2.5- ჯერ 1.0 ტვტ.სთ-მდე.

გაზრდილი მოთხოვნა (ადგილობრივი მოხმარება + ექსპორტი) ძირითადად დაკმაყოფილდა ჰიდრო და თბოგენერაციის ზრდით. G&T-ის ინფორმაციით, ჰიდროსადგურების გენერაციის ზრდა კარგ ჰიდროლოგიას და წინა წლის დაბალ ბაზას უკავშირდება (2021 წლის დასაწყისში ენგურის რემონტი მიმდინარეობდა), ხოლო თბოსადგურების ადეკვატურ ფასად და მოცულობით მუშაობა სოციალურ გაზზე ხელმისაწვდომობის გამო იყო შესაძლებელი.

ამავე პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდული 84.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ელექტროენერგიის იმპორტმა 40.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, სავაჭრო ბალანსმა დადებით 43.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

„ერთი მხრივ, ენერგეტიკულმა კრიზისმა და მსოფლიოში ენერგომატარებლებზე გაზრდილმა ფასებმა გავლენა მოახდინა ჩვენს მთავარ საექსპორტო ქვეყანა თურქეთზე, სადაც ფასები გასამმაგდა. მეორე მხრივ, საქართველოში ელექტროენერგიის ფასები ბევრად ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე ექსპორტის. ამის მთავარი მიზეზი არის ელექტროენერგიის მიწოდებაში ჰიდროგენერაციის მაღალი წილი და იმპორტის ფასების შედარებით ზომიერი ზრდა. იმპორტის მთავარი მომწოდებელი ქვეყნები – რუსეთი და აზერბაიჯანი – მსოფლიო ბაზარზე თავად არიან ფასის მკარნახებლები და საქართველოს შემთხვევაშიც, თავად განსაზღვრავენ მოწოდების ფასს. ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა კომპანიებმა ისარგებლეს მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისით“, – განმარტავენ Galt&Taggart-ში.
საექსპორტო ფასების ზრდის გამო გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია ექსპორტის ისტორიულ მაქსიმუმამდე ასვლა. 2022 წლის 10 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 153.7%-ით გაიზარდა და 1.0 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 455.4%- ით (5.6-ჯერ) გაიზარდა და 84.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის საშუალო ფასი 118.9%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 8.7 აშშ ცენტი შეადგინა.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply