კანადამ გაიწვია ნებართვა, რომლის თანახმადაც, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სიაში არ ხვდებოდა.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჟოლისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჯონათან უილკინსონის განცხადებით, გარემოებები შეიცვალა და სანქციებისგან გათავისუფლება მიზნებს აღარ უპასუხებს.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილება უკრაინასთან, გერმანიასთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს. სამშაბათს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ეს საკითხი სატელეფონო საუბარში განიხილეს.
ივლისში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მუშაობა 10 დღის განმავლობაში სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდა. მაშინ „გაზპრომმა“ გაზის მიწოდება 20 %-ით შეამცირა. მიზეზად რუსულ საკომპრესორო სადგურ „პორტოვაიაზე“ Siemens-ის მეორე ტურბინის დაგეგმილი შეკეთება დასახელდა. კიდევ ერთი ტურბინა, რომელიც მანამდე “ჩრდილოეთის ნაკადის” სატუმბად გამოიყენებოდა, კანადაში იყო ჩარჩენილი, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო.
17 ივლისს კანადამ გერმანიაში გაგზავნა გარემონტებული გაზის ტურბინა. თუმცა, რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ მის მიღებაზე უარი განაცხადა და მიზეზად ტექნიკური პრობლემები დაასახელა.
აგვისტოს ბოლოს რუსულმა კონცერნმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ მეშვეობით ნედლეულის მიწოდება შეაჩერა, თუმცა იგი ვადის ამოწურვის შემდეგაც არ აღუდგენია, რაც ზეთის გაჟონვით ახსნა. ევროკავშირმა ეს გამოგონილ მიზეზად მიიჩნია.
“ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის” და “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” მილსადენები მწყობრიდან გამოვიდა სექტემბრის ბოლოს. შემთხვევას გერმანია, დანია და შვედეთი იძიებენ. გერმანიის სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ეს დივერსია იყო. გაჟონვის ადგილების დათვალიერების საფუძველზე შვედმა გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ გაჟონვის მიზეზი გახდა აფეთქება.
რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ავარიით დაინტერესებული არიან აშშ და მისი მოკავშირეები. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მომხდარს ტერაქტი უწოდა და განაცხადა, რომ მის უკან „ანგლოსაქსების დივერსია“ დგას.
წყარო: radiotavisupleba.ge