კანადა უკრაინას დაეხმარება ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის აღდგენაში. ამის შესახებ 13 დეკემბერს Twitter-ზე კანადის ფინანსთა მინისტრმა კრისტია ფრილენდმა განაცხადა.
“სანამ უკრაინელი ხალხი აგრძელებს გმირულ წინააღმდეგობას, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა მათ შეძლონ ამ ბრძოლის გაგრძელება. სწორედ ამიტომ კანადა გამოყოფს 115 მილიონ (კანადურ – რედ.) დოლარს უკრაინის ენერგოსისტემის აღსადგენად, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რუსული და ბელორუსული საქონლის ტარიფებიდან”, – წერს ფინანსთა მინისტრი.
კანადაში უკრაინის ელჩმა იულია კოვალივმა 13 დეკემბერს განაცხადა, რომ კანადა უკრაინას ასევე 50 გენერატორის განათების კოშკს გადასცემს, რაც გაუადვილებს ელექტროინჟინრებს ქსელის ღამით შეკეთებას.