კახა კალაძემ “გაზპრომთან” მოლაპარაკების თაობაზე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
“ვფიქრობ კალაძემ ძალიან წარმატებულად გაართვა თავი და ყველა შეკითხვას ამომწურავად გასცა პასუხი. მოლაპარაკებები დამთავრების სტადიაშია, თუ არ დამთავრდა და ვფიქრობ ენერგეტიკის სამინისტროს არ გაუჭირდება პასუხი გასცეს ყველა კითხვას. მე არ მსურს, რომ ეს თემა, რომელიც არის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი, ვიღაცამ გამოიყენოს პოლიტიკური სპეკულაციისთვის. არსებობს რეგლამენტი, არსებობს წესები და ვფიქრობ უნდა გავითვალისწინოთ”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
გიორგი ვოლსკი უმრავლესობის ლიდერის, გიორგი კვაჭანტირაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მას თურქეთში დიპლომატიური მისიით ყოფნის დროს გარკვეული ინციდენტი შეემთხვა. ვოლსკის განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მსგავსი სახის ინფორმაციების გავრცელება გახშირდება.
“რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი იქნება ინფორმაცია მანქანებზე და უკანონო საქციელზე. ყველაფერს ჩაუღრმავდით, ჟურნალისტები ამიტომ არსებობენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არის მოგონილი და ყურით მოთრეული ამბები”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
წყარო: ინტერპრესნიუსი