ევროკავშირმა ბიუჯეტს უნდა გადახედოს და დამატებითი ენერგეტიკული ინვესტიციებისთვის ახალი ფონდის შექმნა განიხილოს, რომ ბლოკის ქვეყნებმა რუსულ გაზზე უარის თქმა შეძლონ.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, – იტყობინება Reuters-ი.
„საკითხი მდგომარეობს იმაში, შეესაბამება თუ არა ევროკავშირის ბიუჯეტი თავის დანიშნულებას. ბიუჯეტის შუალედურ განხილვაში ახალი ხედვა სუვერენული ფონდის შექმნას გაუხსნიდა კარს“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა არ დააზუსტა, მოითხოვს თუ არა ახალი ფონდი ევროკავშირისგან დამატებითი ერთობლივი ვალის აღების ვალდებულებას, მაგრამ თქვა, რომ ბლოკის არსებულ სახსრებს თანხა სხვა წყაროებიდან უნდა შეემატოს.
წყარო: kvira.ge