აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა თავისი თურქული გადამამუშავებელი ქარხნისთვის რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები შეაჩერა. ინფორმაციას Reuters ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთის სანქციები ევროპისა და შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთაც ამოქმედდა. როგორც ცნობილია, რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტზე ევროკავშირის ემბარგო 5 დეკემბრიდან შევიდა ძალაში, რაც კრძალავს ევროკავშირის სერვისებს იმ ნავთობის ტრანსპორტირებაზე, რომელიც G7-ის მიერ დაწესებულ ზღვრულ ფასზე, ანუ ბარელზე 60 დოლარზე მეტად არის შესყიდული.
Reuters-ის ცნობით, თებერვლის ბოლოდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თურქულმა ქარხნებმა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები გაზარდეს. მათ შორის იყო SOCAR-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა STAR, რომლის დღიური საწარმოო სიმძლავრე 214 000 ბარელი ნავთობია. ეს, Reuters-ის შეფასებით, რუსი მწარმოებლებისთვის თურქეთის გეოგრაფიული სიახლოვის გამო აზიურ ქვეყნებთან ვაჭრობაზე უფრო მომგებიანი იყო.
Reuters-ის წყაროს განცხადებით, SOCAR უფრო დასავლური სანქციების დაცვისკენ იხრება.
თურქული ქარხანა STAR-ისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას SOCAR-ის ჟენევის სავაჭრო ფილიალი ოპერირებს.
ახლახან Reuters-მა ოთხ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული „ლუკოილი“ დასავლეთის სანქციების გამო დეკემბრიდან კასპიის ნავთობის საბადოებიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტს შეწყვეტს და მას კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) სისტემაზე გადაიტანს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მილსადენის აქციონერების მხრიდან მომდინარეობს.
წყარო: bpn.ge