კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქი შეიძლება, ზამთრის თვეებში, ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშე დარჩეს.
„აპოკალიფსი, ისე, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში, როდესაც დაბალი ტემპერატურის გამო სახლებში ცხოვრება შეუძლებელია, შეიძლება, ასე მოხდეს“, – თქვა კლიჩკომ.
„ახლა ელექტროენერგიის დეფიციტი შედარებით დაბალია, ამიტომ, კიევიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ჯერ არ არის“,- აღნიშნა კლიჩკომ.
თუმცა, თუ ელექტროენერგიის დეფიციტი გაგრძელდება ნულოვანი ტემპერატურის პირობებში, მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდება, ქალაქის ზოგიერთ რაიონში გათბობის სისტემებიდან წყლის ამოტუმბვა დაიწყოს.
„ამ დროისთვის ჩვენ მოვამზადეთ 500-მდე ავტონომიური გათბობის პუნქტი, მაგრამ ქალაქისთვის, სადაც მოსახლეობა 3 მილიონ 500 ათასს შეადგენს, ეს არაფერია“, – განაცხადა კლიჩკომ.
მისივე თქმით, ქალაქს სჭირდება გამათბობლები და აკუმულატორები.
„ჩვენ მზად ვართ სხვადასხვა სცენარისთვის. კიეველებს ვთხოვ, მოამზადონ სასმელი წყალი, ტექნიკური წყალი, თბილი ტანსაცმელი, საკვები – ყველაფერი მზად უნდა იყოს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩანთა საბუთებით და ძირითადი ნივთებით, სასურველია პატარა, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში“, – განაცხადა კლიჩკომ.