უზბეკეთმა უარი თქვა რუსეთთან და ყაზახეთთან გაზის კავშირის შექმნაზე

უზბეკეთი მზადაა, გააფორმოს კომერციული გაზის მიწოდების კონტრაქტები რუსეთთან, მაგრამ არ აპირებს მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ გაზის კავშირში შესვლას რუსეთთან და ყაზახეთთან ერთად,– ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ტაშკენტი „არასოდეს დათანხმდება პოლიტიკურ პირობებს გაზის სანაცვლოდ“. მოსკოვი და ტაშკენტი აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუსული გაზის მიწოდებაზე მეზობელი ყაზახეთის გავლით, მაგრამ “ეს იქნება ტექნიკური ხელშეკრულება” და “არ ნიშნავს ალიანსს”, – ხაზგასმით აღნიშნა მირზამახმუდოვმა.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უზბეკეთის მინისტრის განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ ალიანსი არ ითვალისწინებს გაზის მიწოდებას პოლიტიკური პირობების სანაცვლოდ.

“თითოეული მხარე ყიდის და გააგრძელებს ენერგორესურსების გაყიდვას მხოლოდ კომერციულ პირობებზე ფოკუსირებით. მაგრამ ქვეყნები ასევე დაინტერესებულნი არიან თავიანთი ქმედებების კოორდინირებით”, – თქვა პესკოვმა.

როგორც Reuters აღნიშნავს, ცივი ზამთრის ფონზე უზბეკეთი საწვავის დეფიციტს განიცდის და იძულებული გახდა, შეწყვიტოს ჩინეთში დღეში ექვსი მილიონი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი. ქვეყნის ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა ქვეყნებთან (რომელთანაც არ არის დაკონკრეტებული) ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, ქვანახშირისა და მაზუთის დამატებით შესყიდვაზე. ქვეყანა აკრძალავს თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტს.

მანამდე უზბეკეთთან გაზის გაერთიანების შექმნის ინიციატივა რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა განიილეს, თუმცა, ექსპერტების აზრით, მეორადი სანქციების საფრთხის გამო, ამით არც ასტანა და არც ტაშკენტი არ არიან დაინტერესებულნი.

30 ნოემბერს მოსკოვს, ასტანასა და ტაშკენტს შორის სამმხრივი გაზის კავშირის შექმნის წინადადების კომენტირებისას, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რომან ვასილენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა არ დაუშვებს მისი ტერიტორიის გამოყენებას სანქციების თავიდან ასაცილებლად.

Leave a Reply