მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გლობალური ენერგომომარაგების ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია, რის შედეგადაც ფასები ბუნებრივ აირზე, ელექტროენერგიასა და ბენზინზე მკვეთრად გაიზარდა. ომის გარშემო არსებული გაურკვევლობა და ცივი ზამთარი კი, სავარაუდოდ, გათბობის ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის.
მსოფლიო მასშტაბით, ბენზინზე ყველაზე მაღალი ფასი ჰონგ-კონგში ფიქსირდება, სადაც მოსახლეობა თითო გალონზე საშუალოდ $11.10-ს იხდის – ორჯერ მეტს გლობალურ საშუალოზე. ჰონგ-კონგის მსგავსად, ბენზინზე მაღალი ფასია ($8.6) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც, რომელიც ამავდროულად ბენზინის იმპორტიორია და, შესაბამისად, უკრაინის ომის შედეგად გაზრდილი ფასების ზეწოლასაც განიცდის.
რაც შეეხება ევროპას, აქ ყველაზე მაღალი ფასები ბენზინზე ისლანდიაში ($8.5), ნორვეგიასა ($8.1) და დანიაში ($7.7) ფიქსირდება. მთლიანობაში, სექტემბერში, ინფლაციამ 10%-ს მიაღწია, რაც ენერგოკრიზისითაა გამოწვეული.
მკვეთრი ზრდა შეინიშნება ელექტროენერგიის ფასებშიც. საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის ფასები ყველაზე მაღალი ევროპაშია. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის ფასი გერმანიაში, დანიასა და ბელგიაში თითქმის ორჯერ მეტია საფრანგეთისა და საბერძნეთის მაჩვენებელზე. ცნობისთვის, ევროპის ბევრ ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასი ორჯერ ან სამჯერაც კი აღემატება გლობალურ საშუალოს, ერთ კილოვატსაათზე $0.14-ს. 2022 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირში საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის ფასი, წინა წელთან შედარებით, 32%-ით გაიზარდა.
შეერთებულ შტატებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასები გასული წლის სექტემბერთან შედარებით 16%-ით გაიზარდა. შედეგად, აშშ-ში უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა, რაც მაღალი ინფლაციის მიზეზადაც იქცა.
ბუნებრივი აირის ათი ყველაზე მაღალი ფასიდან რვა ევროპის ქვეყნებში ფიქსირდება – პირველ ადგილზე ნიდერლანდებია. მთლიანობაში, ევროპული ბუნებრივი აირის ფასები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ექვსჯერ გაიზარდა. თუმცა ევროპაში შედარებით თბილმა შემოდგომამ ოქტომბერში, გასულ წელთან შედარებით, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 22%-ით შეამცირა, რაც ზამთარში რეგიონში გაზის დეფიციტის რისკებს ამცირებს.
GlobalPetrolPrices.com-ის მონაცემებით, ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მაღალი ენერგოფასების ათეული ასე გამოიყურება:
გლობალური ენერგოფასები: ბენზინი (ერთ გალონზე)
- ჰონგ-კონგი – $11.1
- ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – $8.6
- ისლანდია – $8.5
- ნორვეგია – $8.1
- ბარბადოსი – $7.8
- დანია – $7.7
- საბერძნეთი – $7.6
- ფინეთი – $7.6
- ნიდერლანდები – $7.6
- ბელგია – $7.4
გლობალური ენერგოფასები: ელექტროენერგია (კილოვატ/საათზე)
- დანია – $0.46
- გერმანია – $0.44
- ბელგია – $0.41
- ბერმუდა – $0.40
- კაიმანის კუნძულები – $0.35
- იამაიკა – $0.34
- გაერთიანებული სამეფო – $0.32
- ესპანეთი – $0.32
- ნიდერლანდები – $0.32
- ბარბადოსი – $0.32
გლობალური ენერგოფასები: ბუნებრივი აირი (კილოვატსაათზე)
- ნიდერლანდები – $0.41
- შვედეთი – $0.24
- გერმანია – $0.21
- ბრაზილია – $0.20
- დანია – $0.19
- ესპანეთი – $0.17
- იტალია – $0.16
- ავსტრია – $0.16
- სინგაპური – $0.15
- ბელგია – $0.15
წყარო: forbes.ge