რუსული ნავთობის მკვეთრმა გაიაფებამ რუბლის ვარდნა გამოიწვია

რუსული ნავთობის მკვეთრმა გაიაფებამ რუბლის ვარდნა გამოიწვია. თითქმის ორთვიანი შედარებითი სტაბილურობა შემცირების ტენდენციამ შეცვალა.

რუსულ ნავთობზე ფასების ორკვირიანი ვარდნის ფონზე ორშაბათის საბირჟე ვაჭრობაზე ევროს კურსი, ოქტომბრის თვიდან პირველად, 64 რუბლს ასცდა, დოლარისა კი – 61 რუბლს.

ნოემბრის პირველი კვირიდან Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები 15%-თ გაიაფდა და 80 დოლარს ჩამოსცდა გლობალური რეცესიის საფრთხისა და ჩინეთიდან მოსული სიახლეების ფონზე, სადაც COVID-19-ის აფეთქებამ და ლოკდაუნებმა საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

იმავე პერიოდში Urals-ის ტიპის ნავთობის ფასი თითქმის 30%-ით დაეცა: 25 ნოემბერს პრიმორსკის პორტიდან გამავალი ბარელი ნავთობი 51,96 დოლარად – თითქმის 40%-იანი ფასდაკლებით იყიდებოდა.

“ნავთობის ფასების ვარდნამ ინვესტორებს ვარიანტები არ დაუტოვა”, — ამბობს სავაჭრო ანალიტიკოსი ვლადისლავ სილაევი. ორშაბათს ევროს კურსი 64,11 რუბლს — ივლისის შემდეგ მაქსიმუმს აღწევდა, დოლარისა კი – სამკვირიან მაქსიმუმს, 61,1975-ს.

თუკი ნავთობის კოტირებები დაბალ ნიშნულებზე დიდი ხნით შენარჩუნდება, “ეს ნელ-ნელა შეაცირებს საექსპორტო მოგებას, რომლის დიდი მოცულობა საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს რუსული ვალუტის სტაბილურობის თვალსაზრისით”, – ამბობს ექსპერტი დიმიტრი ბაბინი.

ექსპორტიორები, რომლებიც უახლოეს დღეებში ევროპული სანქციების ახალი ტალღის ქვეშ აღმოჩნდებიან, უკვე უჭერენ ხელს ვალუტას, გადასახადების გადახდისთვის კი რუბლს სესხულობენ, – ამბობს საბანკო სპეციალისტი ეგორ სუსინი.

მიმდინარე კვირის განმავლობაში დოლარის კურსი 62 რუბლამდე ზრდას გააგრძელებს, ევრო კი – 65 რუბლამდე, – პროგნოზირებენ საბირჟე ვაჭრობის ანალიტიკოსები.

პერსპექტივაში კი, მათი აზრით, რუსული ბაზარი შესაძლოა, სულაც ვალუტის დეფიციტს შეეჩეხოს: ევროს სახით სავალუტო მოგების შედინება სტაბილურად მცირდება, რადგან “გაზპრომი” ევროპას ომამდელი მოცულობების 1/10 გაზს აწვდის, 5 დეკემბრიდან კი ძალაში შედის ევროკავშირის ემბარგო რუსულ ნავთობზე, რომელსაც 5 თებერვლიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვაც მოჰყვება.

წყარო: accentnews.ge

Leave a Reply