მომავალი წლიდან უკრაინა “დრუჟბას” მილსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტის ღირებულების გაზრდას გეგმავს, – იუწყება “Bloomberg”-ი რუსული კომპანია “ტრანსნეფტის” მიერ უკრაინული “უკრტრანსნაფტიდან” მიღებულ წერილზე დაყრდნობით. მისივე ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრიდან რუსეთიდან უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის ტრანსპორტირების ფასი ნედლეულის 1 ტონაში 11,5-დან 13,6 ევრომდე გაიზრდება.
უკრაინის ხელისუფლება ამ გადაწვეტილებას რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვებს უკავშირებს, რამაც უზარმაზარ ზარალთან ერთად, ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვია. გარდა ამისა, როგორც “უკრტრანსნაფტის” გენერალური დირექტორი ვლადიმირ ცეპენდა აცხადებს, ნახტომისებრად გაიზარდა კომპანიის ობიექტების დაცვისა და პერსონალის უსაფრთხო საქმიანობის ხარჯებიც.
საპასუხოდ რუსულ “ტრანსნეფტში” განაცხადეს, რომ უკრაინული მხარის შეტყობინება შეისწავლეს და შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებისადმი მიმართვას ამზადებენ.
1960 წელს აშენებული მილსადენი “დრუჟბა” ურალიდან ნედლი ნავთობის იმჟამინდელი “ეკონომიკური ურთIერთდახმარების საბჭოს” ქვეყნებში (უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) მიწოდებისთვის იყო გამიზნული. ამჟამად მილსადენი რუსეთიდან ნავთობს უკრაინის გავლით უნგრეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთსა და გერმანიას აწვდის.
6 ოქტომბერს ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-8 პაკეტი, რომელიც განსაზღვრულზე მეტად ფასად რუსული ნავთობის შეძენა-ტრანსპორტირების აკრძალვას ითვალისწინებს, ანუ ღირებულების ზედა ზღვარს აწესებს. თუმცა აკრძალვა ეხება მხოლოდ ზღვით (ტანკერებით) გადასაზიდ ნავთობს და არ ვრცელდება მილსადენებით მისაწოდებელზე.